საიამ აუდიტის სამსახურს ნაციონალური მოძრაობის მიერ მოქალაქეებისთვის „გარანტიის სერთიფიკატების“ გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა

ოთხშაბათი, 04 ივლისი, 2018 - 20:24

საია ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტს ეხმაურება და აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტს ირაკლი მექვაბიშვილს მიმართავს, შეისწავლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოქალაქეებისთვის „გარანტიის სერთიფიკატების“ გადაცემას პროექტის „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ საკითხი.

"2018 წლის 27 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ 100 მოქალაქეს „გარანტიის სერთიფიკატი“ გადასცეს. აღნიშნული სერტიფიკატების გადაცემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პროექტის ფარგლებში მოხდა, რომლის სახელწოდებაა „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ.“

ა.წ. 29 მაისს ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია გეგმავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს

პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობს.

 მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაში, სავარაუდოდ, იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით. კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პარტიას, კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, აგრეთვე, ნებისმიერ პირს პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით. 

ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური გაერთიანებისა და მისი წარმომადგენლების მიერ მოქალაქეებისთვის „საგარანტიო სერთიფიკატების“ გადაცემით, ხდება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა. სავარაუდოდ, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, მათ დაინტერესებას ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით, რომელიც არ უკავშირდება როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით, აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

კითხვებს აღძრავს თავად ამ სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნისა და მასში ფინანსური რესურსების აკუმულირების საკითხი: როგორ, რა წესით, რა სამართლებრივ რეგულაციებზე დაყრდნობით მოხდება ფონდის შექმნა, ასევე, როგორ მოხდება პარტიის მიერ ამ ფონდში თანხების მობილიზება და რამდენად კანონშესაბამისად წარიმართება ჩინოვნიკებისგან „ხალხისგან ნაძარცვის“ დაბრუნების პროცესი?

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნული პროგრამა წამოიწყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას.

გარდა ამისა, „საგარანტიო სერტიფიკატის“ გაცემის დროს პარტია აგროვებს პირის სახელს, გვარს და მის პირად ნომერს, რაც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. საინტერესოა, ამ პროცესში ხდება თუ არა პარტიის მიერ ამომრჩევლების ინფორმირება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის საკითხი გამოიკვეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც, როდესაც პარტიის კანდიდატი ბათუმში ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს უფორმებდა ამომრჩევლებს და ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ბინების აშენებასა და მათ უსასყიდლოდ გადაცემას ჰპირდებოდა.

საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა. ჩვენი ინფორმაციით, ფაქტის შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება; 

პოლიტიკურ პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და უზრუნველყონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.

საია აგრძელებს წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში აღნიშნული ფაქტის დამატებით შესწავლას", - ნათქვამია წერილში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59