სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა

ორშაბათი, 02 ივლისი, 2018 - 22:01

 შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა.

ცვლილებების მიზანია, მანდატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდის გზით, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები, ასევე, შეიცვალა მანდატურთა დანიშვნის წესი. მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი. მანდატურის კანდიდატის მიმართ განისაზღვრა ახალი მოთხოვნებიც: სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, მანდატურის პოზიციას მხოლოდ სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირები დაიკავებენ. მათ მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, ფიზიკურ მომზადებასაც მოიცავს.

დამატებითი ფუნქციები შეიძინა მანდატურის სამსახურმაც, კერძოდ: სკოლებში მოსწავლეთა შორის კონფლიქტების განეიტრალების, სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის და კანონსაწინააღმდეგო ნივთების აღმოჩენის მიზნით, მანდატურს მეტალოდეტექტორის გამოყენებით მოსწავლის ზედაპირული დათვალიერების უფლება ექნება;

მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შემცირებისა და მოსწავლის ქცევის მართვის მიზნით, მანდატური უფლებამოსილი იქნება, მოახდინოს მოსწავლეთა განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით; მოსწავლის განცალკევება განხორციელდება სკოლაში მშობლის გამოცხადებამდე, მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვების თავიდან ასაცილებლად; განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში.

მოზარდა შორის კონფლიქტების პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სკოლებთან ურთიერთობას, მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიზნით, მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობას დაეთმობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59