ბიძინას არ უსმინოთ-თქო, ვერ გირჩევთ, მაგას როგორ დამიჯერებთ - ზურაბ ჯაფარიძის რჩევები პრემიერ-მინისტრს

პარასკევი, 29 ივნისი, 2018 - 15:26

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს.

 „ჩვევა მაქვს, პრემიერებს ერთხელ მაინც ვწერ ხოლმე - თქვენც მოგწერთ. იმიტომ არა, რომ მომწონხართ (უფრო არა, ვიდრე კი), არც იმიტომ, რომ იმედი მაქვს, მომისმენთ, არც იმიტომ, რომ თქვენი დახმარება მინდა. არა. უბრალოდ, მგონია, რომ ჩემთვისვე მნიშვნელოვანია, რადგან აქ ვცხოვრობ ჩემი ოჯახით და მეგობრებით და სად ვიცხოვრებთ, როგორ ქვეყანაში, ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანწილად თქვენზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს გასროლად, თან არც მეზარება.

დავიწყებ იმით, რაც გარდაუვალია და მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი გარდაუვალია 100%-ით. გარდაუვალია, რომ: დაგიძახებენ ბიძინას მარიონეტს. როდესაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გარეშე ხვდები მაგ სიმაღლეზე, ეს ბუნებრივია. არ უნდა გეწყინოთ და არ უნდა დაკომპლექსდეთ. ზოგადად, არაფერი უნდა გეწყინოთ მანდ; გაგინებენ. ყველა შემთხვევაში. სხვაგვარად შეუძლებელია. გინება მაგ საქმის განუყოფელი ნაწილია; სოფლის მეურნეობას ვერ ააღორძინებთ. როგორც მინიმუმ, იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს აღორძინება ამ ქვეყანაში ესმით; უმუშევრობას სწრაფად ვერ აღმოფხვრით; თქვენი პრემიერობის პერიოდში 100%-ით სიღარიბეს სწრაფად ვერ გააქრობთ; ქართულ ფეხბურთს ვერ უშველით; ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შესძლებთ და სასამართლოს ნდობას ვერ დაუბრუნებთ, სანამ პრემიერი იქნებით. ვერ მოასწრებთ, სულ რომ იუვერლირულად იმუშაოთ; რაც არ უნდა გააკეთოთ, საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთოთ, ბევრი ქვეყნისთვის ცუდი რამ რომ გააკეთოთ ან პირიქით, აღმაშენებლის რეინკარნაცია რომ აღმოჩნდეთ - ნებისმიერ შემთხვევაში, ცოტა ხანში აღარ იქნებით იქ, სადაც ხართ (როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს).

ამ რაღაცების წინასწარ გააზრება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რეალისტური მოლოდინები გქონდეთ და რადგან ეს ყველაფერი გარდაუვალია, მნიშვნელოვანია, იგივე შეცდომები არ დაუშვათ, რაც თქვენმა წინამორბედმა: ყველასთვის კარგი და ჯიგარი ვერ იქნებით. ეგ სუფრაზეა შესაძლებელია. ქვეყანა სუფრა არაა; წარმატების გაზომვა იმით, თუ რას ამბობენ „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები“, შეცდომაა. ეგ ორგანიზაციები, ძირითადად, მავნებლები არიან საკუთარი დღის წესრიგით; ოცნების ჭრელ პოლიტიკურ გუნდში ყველას ვერ გაუსწორებთ. თან ეკონომიკა განავითაროთ და თან ჟორჟოლიანი ეთანხმებოდეს თქვენს პოლიტიკას, ეგ შეუძლებელია. მშრალი წყალია. გაჩერდებით და გააჩერებთ ყველაფერს; პასუხისმგებლობას თუ არ აიღებთ, გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ. თუ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ, ვერაფერს გააკეთებთ. და ბიძინას ჩრდილიდანაც ვერასოდეს გამოხვალთ; ბოტების იმედად ნუ იქნებით, თუნდაც ბევრი გყავდეთ. არ შველის. თუ მანდ იმისთვის არ ხართ რომ CV გაიუმჯობესოთ და/ან ძმაკაცებს/ოჯახს დაუმტკიცოთ, რომ ძალიან მაგარი ხართ და/ან ბანალურად ფული აკეთოთ, მაშინ რამდენიმე რამე შეგიძლიათ გააკეთოთ სწრაფად და … რაღაც კვალი დატოვოთ განსხვავებით წინამორბედებისგან: მცირე და შეზღუდული მთავრობა სწორი ხედვაა.

ერთადერთი სწორი, ოღონდ არა ისეთი ვიწრო გაგებით, როგორც ამას ბოლო დღეებია ხსნით. სიტყვა „მცირე“ ეკონომიკური შინაარსის მატარებელია და გულისხმობს მთავრობის ზომის, იგივე მთლიანი ხარჯების, იგივე ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის მიმართებას ეკონომიკის ზომასთან. ახლა ეგ მაჩვენებელი მერყეობს 30-35%-ის ფარგლებში, დასაწევია 20%-მდე მაინც. არ არის აუცილებელი, ერთ წელში მოხდეს ეს, დროში გაწერაც შეიძლება. შეზღუდული მთავრობა ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს მკაცრად განსაზღვრული კომპეტენციები და ვერ ერევა ისეთ საკითხებში, რაც მისი საქმე არ არის (მაგალითად, ფეხბურთში, კულტურაში, ნერგების დარგვაში, ღორების მოშენებაში, ასანთის ქარხნის მშნებლობაში, ჩაის პლანტაციების გაშენებაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც რკინიგზის მართვაში).

კაცობრიობის ისტორიაში მთავრობის საკონსტიტუციო შეზღუდვის საუკეთესო მაგალითია აშშ. აშშ სწორედ მთავრობის შეზღუდვის გამო (დღეს ვეღარ არის ისეთი შეზღუდული, დემოკრატიამ საკმაოდ გამოხრა ეგ პრინციპი, მაგრამ მაინც) არის ისეთი ქვეყანა, როგორიც არის და არა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები აქვთ იქ საუკეთესოდ გაწერილი კანონებში (ეგ საბჭოთა კავშირს უკეთესად ჰქონდა). აქაც, საქართველოშიც, საჭიროა მცირე ზომის და შეზღუდვების გარანტირება გრძელვადიანად, რაც კონსტიტუციითა შესაძლებელი (შესაბამისი უმრავლესობა კი გყავთ). ეს ერთი, ცალკე აღებული რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია: - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების, შპს-ების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების პრივატიზაცია. ამის გამო, ბევრს გაგინებენ. განსაკუთრებით, ტყეებს თუ შეეხები, მაგრამ, როგორც ზემოთ დავწერე, მაინც გაგინებენ, ყველა შემთხვევაში; - ბიუჯეტის სოციალური ხარჯების (ამაში შედის განათლებაც და ჯანდაცვაც) სისტემის შეცვლა, კატეგორიების მიხედვით ხარჯვის გაუქმება (მათ შორის, ასაკის მიხედვით, ყოფილი პარლამენტარობის ან სამართალდამცველობის მიხედვით და სხვ.) და ერთადერთი კრიტერიუმის, ოჯახის გაჭირვების, დატოვება. ამით სწრაფად შეიძლება უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლის რეალურად გაუმჯობესება (UNICEF-საც გაუხარდება).

თუმცა, ამის გამოც გაგინებენ; - ნებისმიერი სახის საბიუჯეტო სუბსიდიის გაუქმება, იქნება ეს სოფლის მეურნეობის ვითომ განვითარებისთვის გამოყოფილი ხარჯები, „აწარმოე საქართველოში“, „იაფი კრედიტი“, Check in Georgia, “მიბაძე კუკურის“ თუ „ამწონე მაინც“. ამის გამო ბევრს გაგინებენ, ძალიან ბევრს. პლუს, იყვირებენ, რომ კლავ ქართულ კულტურას, სოფელს, გლეხს და ა.შ. - განათლების ცენტრალიზებული და უნიფიცირებული სისტემის გაუქმება, საჯარო სკოლების მაქსიმალური პრივატიზაცია, განათლების დაფინანსების მიბმა ოჯახის გაჭირვებაზე, განათლების სფეროს გათავისუფლება რეგულაციებისგან და საბაზრო პრინციპებისა და კონკურენციის გაჩენა.

ამის გამოც გაგინებენ, ცხადია; - პროკურატურის დეცენტრალიზაცია და დეპოლიტიზაცია. ამას თუ არ იზამთ, გარდა იმისა, რომ პროკურატურა-სასამართლოს ვერაფერი ეშეველება (თუნდაც გრძელვადიანად), ნებისმიერი „გაპრობლემებული“ საქმე გაპოლიტიკურდება და ისრები, ყველა შემთხვევაში, თქვენსკენ წამოვა (როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა ამ ქვეყანაში). ეს, ალბათ, ერთადერთია, რის გამოც არ გაგინებენ. შეიძლება, ტაშიც დაგიკრან. სხვა რაღაცების გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ რეფორმების გარეშე არაფერ სხვას დიდი აზრი არ ექნება. საბოლოო ჯამში თქვენი გადასაწყვეტია ძალაუფლების შენარჩუნებაზე დახარჯავთ დროსა და ენერგიას (რაც უკვე ტრადიციაა ამ ქვეყანაში), თუ ამ რაღაცების გაკეთებაზე. ბიძინას არ უსმინოთ-თქო, ვერ გირჩევთ - მაგას როგორ დამიჯერებთ, მაგრამ, მინიმუმ ის უნდა გახსოვდეთ სულ, რომ თქვენ დროის მოკლე პერიოდში გაქვთ ისეთი შანსი, როგორიც მილიონში ერთს ეძლევა. შეგიძლიათ, რამე დატოვოთ თქვენ მერე ან შეგიძლიათ, ისევე უკვალოდ გაქრეთ, როგორც აქამდე გაქრა არაერთი ოცნების მინისტრი თუ პრემიერი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ 2020-მდე, მერე გირჩი გავაგრძელებთ, თან მადლობით დავიწყებთ“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58