დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები გამოკითხა

ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 21:13

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მეოთხე სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა თბილისის პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის, ზვიად ფხაკაძისა და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის, კახაბერ სირაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

ზვიად ფხაკაძემ ჩატარებულ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე, გამოძიების მიერ გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მოპოვებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა. მან კომისიის წევრებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დეტალები გააცნო.

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსმა, კახაბერ სირაძემ, ასევე ისაუბრა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

ზვიად ფხაკაძისა და კახაბერ სირაძის მიერ ახსნა-განმარტებების მიცემის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები შეეხებოდა საგამოძიებო ჯგუფის შექმნას და მოქმედების გეგმას, პროცესუალურ ზედამხედველობას, გამომძიებლებისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილზე ჩატარებულ დათვალიერებას, გენეტიკურ ექსპერტიზას, საგამოძიებო ექსპერიმენტს, დასაკითხ პირთა წრეს და კომისიის წევრებისთვის სხვა საინტერესო საკითხებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ გამოსაკითხ პირთა წრე გაიზრდება და კომისია გარკვეულ რეკომენდაციებზე იმსჯელებს.

ხვალ, დღის პირველ ნახევარში, კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 15:00 საათზე განახლდება. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და მასზე კვლავ მოწვეული არიან შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი ზვიად ფხაკაძე და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი კახაბერ სირაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58