შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შაბათი, 23 ივნისი, 2018 - 11:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი: 1974 წელს დაბადებული ს.კ., 1977 წელს დაბადებული კ.ტ. და 1992 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 19 ივნისს სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს და სამკაულები გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ასევე, დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - ს.კ.-მ და გ.ბ.-მ მიმდინარე წლის 28 მაისს მარტვილში 2 მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 3 ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები და ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58