დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად მოკლული ახალგაზრდების მშობლები გამოკითხეს

პარასკევი, 22 ივნისი, 2018 - 20:02

 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოკლული მოზარდების ოჯახების წევრები გამოკითხეს.

ახალგაზრდების მშობლები - დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმნენ და დანაშაულში მონაწილე პირების გამორკვევის იმედი გამოთქვეს.

გამოკითხვაზე მყოფმა მშობლებმა, ადვოკატებთან ერთად, კომისიის წევრებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და მოზარდების მკვლელობის საგამოძიებო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

ზაზა სარალიძემ და ნათია საყვარელიძემ საქმის გამომძიებლებთან და პროკურორებთან ურთიერთობების დეტალებზე ისაუბრეს. მოკლული ახალგაზრდების მშობლებმა სამედიცინო-საექსპერტო დასკვნებზე, ტრაგედიის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებზე, მკვლელობის საქმეზე სხვადასხვა პირის მიერ მიცემულ ჩვენებებზე და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად შესაძლო ხელისშემშლელ გარემოებებზე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია წარმოადგინეს.

მოზარდების მშობლების და მათი ადვოკატების გამოკითხვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომისიის წევრებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე გარკვეული დეტალები დააზუსტეს და საგამოძიებო მასალებში მოცემული ფაქტები გადაამოწმეს.

გამოკითხვის შედეგად, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა, შემდგომ სხდომებზე გამოსაკითხ პირთა ვინაობები გამოკვეთეს და კომისიის მუშაობის განრიგი განსაზღვრეს.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის შემდეგი სხდომა 25 ივნისს 10:00 საათიდან გაგრძელდება და მასზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ კახა სირაძეს და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს გამოკითხავენ.

26 ივნისს, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა. სხდომის დასასრულს, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან შემდგარი ორი ჯგუფი დაკომპლექტდა, რომლებიც დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59