აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული

ხუთშაბათი, 21 ივნისი, 2018 - 11:41

 აშშ-ის სენატმა 2019 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი. კანონპროექტის #1235 ქვეთავი, რომელიც ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE), აღნიშნავს, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ს ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.

ამასთანავე, აშშ-ს სენატი მოუწოდებს ადმინისტრაციას შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც უფრო რაციონალურს და პრიორიტეტულს გახდის ევროპაში აშშ-ის პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობას. დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

აშშ-ის სენატი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას, ხელი შეუწყოს ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის რესურსების მობილიზებას და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისსრულად გამოყენებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სენატის სამხედრო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის პარტნიორებისათვის ევროპაში და, სხვადასხვა დესტრუქციულ ქმედებებთან ერთად, არღვევს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. კერძოდ, განმარტებით ბარათში დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა და საუბარია კონკრეტულ მექანიზმებზე ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

აშშ-ის კონგრესის აქტებში საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა.

აღნიშნული, კიდევ ერთხელ,ადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას ისევე, როგორც საქართველოს მნიშვნელობას აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში. კანონის მისაღებად დადგენილი პროცედურების მიხედვით, შემდეგ ეტაპს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ვერსიების შეჯერება წარმოადგენს, რომელიც უახლოეს თვეებში მოხდება, რის შემდეგაც ერთიან ტექსტს კენჭს უყრის სენატი და წარმომადგენელთა პალატა და აშშ-ს პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

აღსანიშნავია, რომ 2019 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის ვერსია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო არის აშშ-ის ფასეული მეგობარი. მხარს უჭერს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომელიც მიმართულია როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სუვერენული ტერიტორიის დაცვისკენ.

დოკუმენტი ხაზს უსვამს ევროპის შეკავების ინიციატივის (EDI) მნიშვნელობას საქართველოს, როგორც პარტნიორის შესაძლებლობების განვითარებაში და რეგიონში უფრო მშვიდი გარემოს შექმნაში. ამასთან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის მიერ აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59