ვაკის პარკის აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და პარლამენტს მიმართავენ

, 03 ივნისი, 2018 - 20:13

ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და პარლამენტს მიმართავენ.

„დღეს შევიკრიბეთ ჩვენ, საზოგადოების წევრები, რომლებიც ვაცნობიერებთ საქართველოში შექმნილ მძიმე სიტუაციას. ერთი მხრივ, გვაქვს უსამართლობის განცდა, რადგან დავინახეთ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო გამოეძიებინა საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე და ტკივილის მომტანი საქმე.  ამავდროულად, ბოლო დღეებში პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნილი სიტუაცია გამოიყენეს პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად. გაიჟღერა მოწოდებებმა მთავრობის გადადგომის, გაისმა წინადადებები, რომ მთავრობა ჩამოიშალა და ისეთი შინაარსის სიტყვები, რომლებიც მიგვიყვანს პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე.

ჩვენ არ გვინდა ეს.  შექმნილ სიტუაციაში მოვუწოდებთ მთავრობას, პარლამენტს, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების და დაზარალებული ოჯახების მიერ ნდობით აღჭურვილი პირებისგან, რადგან დაკარგული გვაქვს ნდობა გამოძიების მიმართ, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებიც თითქოს დღეს ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.

მაქსიმალურად მალე, დროულად მთავრობამ, პარლამენტმა უზრუნველყოს კომისიის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ზემოთ ვთქვი, საზოგადოებისთვის და რაც ველაზე მთავარია, ოჯახებისთვის, რომლებსაც მიადგათ ტკივილი, მათი ნდობით აღჭურვილი პირებით, რომლებიც ჩვენს გაცემულ ნდობაზე დაგვიბრუნებენ პასუხს თავიანთი კომპეტენტურობით და აზრით გამოძიების შესახებ. ეს არ არის ზოგადი მოთხოვნა. ეს არის მოთხოვნა, რომლისთვისაც ვიბრძოლებთ ბოლომდე. 

ჩვენთვის დღეს პრემიერ-მინისტრი ინარჩუნებს ნდობას. თუ მას სურს, რომ ეს ნდობა დარჩეს, ჩაერთოს ის პირადად, შეიქმნას ასეთი კომისია და გაეცეს პასუხები კითხვებს, ვინ მოკლა ჩვენი ახალგაზრდები და რაც ყველაზე მთავარია, ვინ დააფარა ხელი გამოძიებას, დამნაშავეებს. ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, არანაკლები მოთხოვნით, გამოიძიოს ძალიან სწრაფად, ვინ გეგმავდა ამ დღეებში ქვეყანაში დესტაბილიზაციას. რომელი პოლიტიკური პარტიები. აიღონ ამ პარტიებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიანთი ამომრჩევლების, ქვეყნის წინაშე და თქვან, რომ აპირებდნენ, ჩამოიშორონ ნიღაბი სამართლიანობის ბრძოლის და გამოაჩინონ ის კბილები, რომლითაც აპირებდნენ ქვეყნის დესტაბილიზაციაში შეყვანას. 

მოვუწოდებთ მთავრობას, პარლამენტს, პრემიერს, ძალიან სწრაფად, უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ, შექმნან კომისია, რომელიც გაგვაცნობს და გვეტყვის, რა მოხდა. პარლამენტმა გააჟღერა, თუმცა ჩვენ ბოლომდე სამწუხაროდ ვერ ვენდობით პარლამენტსაც, ამიტომ  კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ოჯახების, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებით. ამაზე უნდა იმუშაოს როგორც აღმასრულებელმა, ისე საკანონმდებლო ორგანოებმა. ეს არის მიღებული და სწორი პრაქტიკა, რადგან დავამყაროთ ნდობა გამოძიებასა და ხალხს შორის. ამის განხორციელებაში უნდა ჩაერთოს მედიაც და ყველა ის ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია შექმნას კომისია.

ძალიან გთხოვთ, მოგიწოდებთ, მოდით, დაუჭირეთ ამ მოთხოვნას მხარი და ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ მარგინალური ძალა, არ გვინდა არავის ჩამოგდება, ჩვენ გვინდა სამართალი. ვუთხრათ და დავანახოთ, რომ ყველაზე ძლიერი პოზიცია არის ეს, რომ დამშვიდდეს იმ მშობლების გულები, რომლებმაც დაკარგეს შვილები და გავაგრძელოთ ნორმალურად ცხოვრება“, – აღნიშნულია მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57