პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

პარასკევი, 18 მაისი, 2018 - 19:03

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს, გიორგი გახარიას იმისთვის, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე წარდგა პარლამენტის წინაშე და მზად არის, გაუზიაროს ინფორმაცია და უპასუხოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გიორგი გახარია კანონმდებლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შედეგებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას.

გიორგი გახარიამ კანონმდებლებს სამინისტროში მიმდინარე პროცესების, ხედვის, გეგმებისა და ბოლო დღეების, განსაკუთრებით, 12 მაისის ღონისძიებების შესახებ საუბრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მთავრობის დამტკიცებიდან 6 თვის თავზე, სამინისტრო მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის წარდგენას და სისტემურ განახლებაზე საუბარს გეგმავდა. მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას პოლიციის დღეს, 31 მაისს, წარედგინება. მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზად არის შემდგომ ისევ წარდგეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ქვეყანაში მართლწესრიგი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა და, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოებაზე, მართლწესრიგსა და საპოლიციო სერვისებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ეს გასაგებია, რამეთუ ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში გამოწვევები გვეზრდება და ისინი უფრო მრავალფეროვანი ხდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ გამოწვევების საპასუხო სისტემური განახლების კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, გეგმა სამ მიმართულებას მოიცავს: სტრუქტურული რეფორმებს, შინაარსობრივი რეფორმებს და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას.

„სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტი ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტის გაძლიერება. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, აქ ცოტა მეტი გამოწვევა გვაქვს და მეტი დრო დაგვჭირდება, თუმცა აქაც აშკარად გვაქვს გამოკვეთილი მიმართულებები, რომლებიც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს არის ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, რაც უნდა გახდეს პრევენციის ყველაზე უფრო სერიოზული ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა ეს არის ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსის მართვა.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიცია ტექნოლოგიური დონით ჩამორჩება იმ საერთაშორისო, აღმოსავლეთ ევროპის ნორმებსაც, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური. რაც შეეხება ადამიანური რესურსების მართვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სისტემა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაში და მასში მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიოდ წარმოდგენილი, როგორც სოციალური გარანტიები, ასევე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები, რათა მან შეძლოს თავისი ცხოვრების დაგეგმვა და კარიერული ზრდა სისტემაში. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც არის კონცენტრირებული ჩვენი 2018 წლის გეგმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, გიორგი გახარიამ ყურადღება კრიმინალურ პოლიციაზე გაამახვილა, რომელიც, მისი შეფასებით, სამართალდამცავი სისტემისა და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალია. მინისტრმა ისაუბრა არსებულ პრობლემებზეც და დეპუტატებს დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

გიორგი გახარიამ უბნის ინსპექტორის განახლებულ მოდელზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, ახალი სახელით და ფუნქციებით, თბილისის მასშტაბით, 365 „უბნის ოფიცერი“ დაიწყებს საქმიანობას.

„ჩვენ ვთვლით, რომ უბნის ოფიცერი -ეს არის კრიმინალური პოლიციის ის ძირითადი კომპონენტი, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ანალიზზე დამყარებული საპოლიციო მომსახურება და საპოლიციო სერვისები და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალზედ მოთხოვნადი პოზიციები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის ახალი რეფორმის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და პარლამენტის წევრებს ახალი ქვედანაყოფის - ქვეითი პატრულის კორპუსის შექმნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

„საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთი მხრივ, არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა სამართალდამცველი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ ტურისტების ამხელა „ტრაფიკს“ მოჰყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების კორპუსი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროში განხორციელებული რეფორმების წარდგენისას, გიორგი გახარიამ უწყების ცენტრალურ აპარატში შექმნილ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტზე ისაუბრა.

„2018 წლის იანვარში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომლის მიზანია ისეთი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა, სხვადასხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული. დეპარტამენტმა, შექმნის დღიდან შეიმუშავა შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმები, გაიდლაინები და რეკომენდაციები გამომძიებლებისთვის, აქვს აქტიური კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. უკვე შეიქმნა რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი ოჯახურ დანაშაულებზე, რომლებიც პრაქტიკაში მიმდინარე თვიდან დაინერგება. ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დროებითი მოთავსების იზოლატორებში - განახლდა ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს იზოლატორების ახალი კამერებით და სამედიცინო პერსონალით აღჭურვის პროცესი“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

შინაარსობრივი ნაწილის მიმოხილვისას, მინისტრმა არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

„ეს, ძირითადად, არის ანალიტიკა და ტექნოლოგიები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიმართულებები იყოს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მომსახურების ყველაზე მაღალი სტანდარტების მაჩვენებელი. გვესმის, რომ ეს შეუძლებელია მოხდეს ერთ ან ორ დღეში, თუმცა არც ისე მძიმედ არის საქმე. საკმაოდ მაღალი კომპეტენციის და კვალიფიკაციის კადრებია ამ მიმართულებით. ჩვენ ახლა ყველაფერს ვაკეთებთ მათი სწრაფად გადამზადებისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს იმ სტრუქტურული დანაყოფების მუშაობა, რომელთა რეფორმირებასაც ახლა ვახორციელებთ. ვგულისხმობ კრიმინალურ და საპატრულო პოლიციას. ტექნოლოგიების ნაწილში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, თუმცა მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან დამატებითი 25 მილიონი ლარი გამოგვიყო. ამ თანხას ვიყენებთ როგორც ვიზუალური ანალიზის სისტემების დანერგვაში, ასევე კრიმინალისტიკის თანამედროვე ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვაში. ამის პირველი ხილვადი შედეგები გვექნება წლის ბოლომდე. იმედი გვაქვს, ამ მონაცემებს ჩვენი მოქალაქეებიც და თქვენც ნახავთ იმ სტატისტიკურ ციფრებში, რომლის გაუმჯობესების ფაქტობრივ ვალდებულებებს ჩვენ ვიღებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, პოლიციის აკადემიაში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. მინისტრმა პოლიციელთა გადამზადებისა და ახალი კადრების მომზადების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„პოლიციის აკადემია იქნება ის მნიშვნელოვანი კარიბჭე, რომლის გავლითაც ახალი ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდებიან“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკანონმდებლო ცვლილების ნაწილში მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რამეთუ დეპუტატების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ მოკლე პერიოდში იმ საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რომელიც სამინისტრომ უკვე განახორციელა. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი მინდა გამოვყო: ეს გახლავთ ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით და ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებით და კანონმდებლობის გამკაცრებით. ასევე, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ კომპონენტში, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევის კუთხით, რამეთუ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნაწილი უნდა გამკაცრდეს. მადლობა, ასევე, მანდატურის სამსახურის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პატრულის და პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის და მანდატური უნდა იყოს უფრო ეფექტური, რაც თქვენთან ერთობლივი მუშაობით შევძელით“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრმა გამოსვლა კონკრეტული ღონისძიების შეფასებით გააგრძელა და დეპუტატებს ის ფაქტობრივი მასალები გააცნო, რომლებიც 12 მაისის სპეცოპერაციის თაობაზე სამინისტროს გააჩნდა.

„პირველ რიგში მინდა, თითოეულ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ღონისძიებაში, მადლობა გადავუხადო, რამეთუ ჯერჯერობით, უფლებამოსილების გადამეტების ვერც ერთი მაგალითი ვერავინ ვერ წარმოადგინა. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ წინაპირობებზე, რაც აღნიშნულ სპეცოპერაციებს უძღოდა წინ. გიორგი გახარიამ დეპუტატებს ოპერატიულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ვიდეო-კადრებიც წარმოუდგინა, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ფაქტები იყო ასახული. მინისტრმა იმ სამთვიან საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც, ფაქტობრივი მასალებით დასტურდება კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტები.

„ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვების საფუძველზე პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად, სხვადასხვა დროს და რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას. სასამართლოს განჩინებით დაფიქსირებული გვაქვს საკონტროლო შესყიდვის 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც საკონტროლო შესყიდვა არ გვქონდა განხორციელებული, არანაირი ღონისძიება არ გაგვიხორციელებია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, თუ კითხვები მაინც გაჩნდება, უნდა შესულიყო თუ არა პოლიცია ღამის კლუბებში, სამინისტრო მზად არის, ყველაფერს კონკრეტული პასუხი გასცეს.

„გვაქვს შინაგანი რწმუნებულება იმაში, რომ მოვიქეცით სწორედ და მოვიქეცით ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - თუ ერთი ფაქტი მაინც უფლებამოსილების გადამეტების დადასტურდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ღია, ტრანსპარენტული რეაქცია ამაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, სპეცოპერაციის ჩატარების დღისა და დროის არჩევას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

„ამას აქვს კონკრეტული მიზეზები: კლუბური ცხოვრება იწყება დაახლოებით 12 საათზე. შევედით, ამ ხალხს მოვუხადეთ დიდი ბოდიში და ვუთხარით, რომ 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თქვენ თუ რაიმე უკანონო გაქვთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ პოლიციას ან დატოვოთ აქ და დიდი ბოდიშით, მიბრძანდით. ვერცერთ ადამიანს ვერ მანახებთ, ვისი თავიდანაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, ვინც კლუბის შიგნით იმყოფებოდა. ვერ მანახებთ ვერცერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა თუნდაც ჯანდაცვის ორგანოს. შედეგი იყო მარტივი - ამ მიმართვის შემდეგ სტუმრების გარკვეულმა ნაწილმა გარკვეული ნივთებისგან თავი გაითავისუფლა და ეს არის ის, რაც ამ ორ კლუბში 34 ლოკაციაზე ვიპოვეთ, რისი ექსპერტიზაც ახლა მიმდინარეობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიება არის პირველი ნაბიჯები ქსელის გამოსავლენად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ მოხსენების შემდეგ, პარლამენტის წევრთა კითხვებს უპასუხა. მინისტრმა, იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც რადიკალურ „ფაშისტურ“ იდენტობას ავლენენ დეპუტატების შეკვითხვების საპასუხოდ, სამინისტროს პოზიციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი კანონმდებლობა არც თუ ეფექტურია ანალოგიურ ჯგუფებთან სამუშაოდ, სამინისტროს შესაბამისი ინსტრუმენტები გააჩნია.

მინისტრის განცხადებით, აშკარად გამოხატული თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს შესაბამისად.

„მაშინვე, როგორც კი დავაფიქსირებთ გამოხატვის თავისუფლების ფორმების გადამეტებას უკვე გადასულს ძალადობის მოწოდებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ. ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად გვესმის ის შეშფოთება, რომელიც ამ დარბაზში გამოითქვა, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ უსაფრთხოება და სტაბილურობა დღეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საჭიროა აბსოლუტურად დასაბუთებული, გააზრებული საგამოძიებო პროცესი და თუ დავინახავთ აშკარად გამოხატულ თავისუფლების შეზღუდვას, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, რამდენიმე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში და სამინისტრო ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. თუ კი საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა, რათა აგრესიული და ფაშისტური იდენტობის ჯგუფებთან მუშაობა იყოს უფრო ეფექტურად შესაძლებელი, სამინისტრო პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ განმარტა შსს-ს მიერ კლუბებში ოპერაციის ჩატარებისთვის შერჩეული ფორმის და დროის საკითხი და განაცხადა, რომ უმთავრესი მიზანი იყო სისტემური კავშირის დადგენა ნარკოტიკების გამსაღებლებსა და კლუბებს შორის. ამ ოპერაციის მიზანი, მინისტრის თქმით, არ იყო ადამიანების დაკავება კლუბებში.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ხალხი დაგვეკავებინა გარეთ. არ გვინდოდა, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაგვეტარებინა კლუბის შიგნით, რამეთუ კლუბში გვქონდა მხოლოდ კლუბების ჩხრეკის განჩინება. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არავის არაფერი ჩაუბარებია, მიუხედავად მიმართვისა. ეს იყო ჩვეულებრივი დაყრა, ადამიანებმა უბრალოდ მოიშორეს ფაქტები“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, კლუბებში შესვლა არ იყო შეჭრა და ზომები გამოყენებული იყო ახალგაზრდების დასაცავად.

„არ იყო ეს არსად შეჭრა. ის ფორმები, რაც იყო გამოყენებული, კანონიერი იყო, ახალგაზრდებისვე დასაცავად. არანაირი დისკომფორტი იქ ამ ხალხისთვის არ შექმნილა, გარდა იმისა, რომ კლუბური ცხოვრებისთვის განსაზღვრული პარასკევი საღამო ჩვენ მართლა გავუფუჭეთ ამ ხალხს. მაგრამ საჯარო სიკეთე ერთი და მეორე მხრიდან უბრალოდ შეუდარებელია. თუ კიდევ გვექნება მსგავსი არჩევანი - ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო - ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვიქნებით, მოვიქცეთ მსგავსად“, - განაცხდა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვას, ერთობლივ მუშაობას საზოგადოებასთან, სამინისტროში პრინციპულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ინტერნეტის გზით ნარკოტიკის რეალიზაცია არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსათვის, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა მსოფლიოში. შესაბამისად, ამ პრობლემის გადასაჭრელად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთშორისო თანამეგობრობასთან, ასევე საზოგადოებასთან თანამშრომლობას.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. ერთადერთი შესაძლებლობა არის სპეციალური ღონისძიებებით გამოვლენა კონკრეტული შემთხვევების. ჩვენ რამდენიმეჯერ დავბლოკეთ რამდენიმე საიტი, თუმცა ჰოსტინგის სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ადამიანები ამ საიტებზე მოხვედრას. გვრჩება, ერთადერთი გზა - ფიზიკური თვალთვალით გამოვავლინოთ მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე გამოვავლინეთ, ერთი იყო გახსნილი. თუმცა, კარგად გვესმის, რომ მასშტაბების შეფასება დღეს ძალზედ რთულია. ამიტომ, ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან თანამშრომლობას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა შს სამინისტროს აქტივობები იყოს ბევრად უფრო ეფექტური“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ერთმნიშვნელოვნად, ნარკოტიკების გასაღების შემთხვევაში კანონმდებლობა გასამკაცრებელია, ისევე, როგორც დიდი ოდენობით შენახვის შემთხვევაში. მინისტრმა განაცხადა, რომ შსს დაინტერესებულია ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული. მისი თქმით, მართმსაჯულების ერთიანი სისტემის შექმნა ახლა იწყება - სისტემა ბევრად ჰუმანური გახდა, მაგრამ ის ვერ გახდა მოკლე დროში ეფექტური - ესაა ობიექტური რეალობა.

დანაშაულთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ ის მაქსიმალურად ობიექტურია. მისი თქმით, სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შედეგი წლის ბოლოსთვის ხელშესახები იქნება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე შესაბამისად აისახება.

„მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დანაშაულის აღრიცხვის დამალვის არც ერთი ფაქტი არ იყოს. თითოეულმა პოლიციელმა იცის, რომ ეს არის ის გადაცდომა, რომელიც არასდროს არავის არ ეპატიება. დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა რომელიც დღეს არის, არის მაქსიმალურად ობიექტური. არ გვეშინია იმის თქმა, რომ კვარტალური სტატისტიკის მიხედვით, კრიმინალთან დაკავშირებით წინა წელთან შედარებით გვაქვს ზრდა 39%-ით, რაც სერიოზული ციფრია. ამას აქვს მარტივი ახსნა: ჩვენ ვამბობთ, რომ ის რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იყოს ადეკვატური და ასახავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს. ამას სჭირდება სურათის სწორი შეფასება. ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდით იმაში, რომ ეს სტატისტიკა დაგვემალა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მინისტრმა პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საპოლიციო სერვისებზე მოთხოვნა იზრდება: „საპოლიციო სერვისებზე მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში პარლამენტარებიც კი ზოგჯერ ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რომელიც არ არის პირდაპირ ჩვენი ვალდებულება. მაგალითად, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა. რეალურად, საპატრულო პოლიცია ამაზე ხარჯავს ისეთ ენერგიას, დროს და რესურსს, რომელიც უნდა მოახმაროს სხვა რაღაცეებს. ისევე, როგორც ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საპატრულო პოლიციის ფუნქცია. თუმცა, ეს ის ამოცანებია, რაც უნდა იყოს გადაწყვეტილი და ამას, სულ ცოტა, სხვა მენეჯმენტი სჭირდება“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ოჯახში ძალადობის და შემაკავებელი ორდერის ეფექტურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჟებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდება. მინისტრმა ამ კონტექსტში ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ შსს აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ამ შემთხვევის გამო.

„ეს იყო უკიდურესად ტრაგიკული მოვლენა. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ამ მომენტში და ამ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჩვენ აქტიურად ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ შემაკავებელი ორდერი კიდევ უფრო ეფექტური, მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება და ჩვენი მოქალაქეების მათდამი ნდობაც უფრო და უფრო იზრდება, მაგრამ ეს იყო ძალზედ რთული ვითარება“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი გამოეხმაურა არასრულწლოვნების საკითხსაც და აღნიშნა, რომ 14-წლამდე ბავშვებში კრიმინალთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. მისი შეფასებით, არასრულწლოვანთა კოდექსი არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რამაც მნიშვნელოვნად დაარეგულირა ყველაფერი, რაც ხდება 14 წელს ზემოთ არასრულწლოვნების დანაშაულთან დაკავშირებით. თუმცა, რთულადაა საქმე 14-წლამდელ ბავშვებთან მიმართებაში. მინისტრის განცხადებით, 14-წლამდე ბავშვებთან არ უნდა მუშაობდეს პოლიცია და ეს არის სკოლის და განათლების სისტემის საქმე და შესაბამისად, დასახვეწია რეფერირების სისტემა.

„პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ამ ქვეყანას, ეს არის ჩვენი მისია და ჩვენი სისტემური განახლების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია გახდეს უფრო ეფექტური და კეთილსინდისიერი, რომელიც პირველ რიგში იზრუნებს თითოეულ ცალკე აღებულ მოქალაქეზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა შესაძლებლობისთვის, რომ პარლამენტის წინაშე წარმსდგარიყო.გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა პოლიციელებს მაღალი პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მათ ამ რთულ დღეებში გამოიჩინეს.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ჩემთვის პატივია და სასარგებლო მქონდეს შესაძლებლობა წარვდგე თქვენ წინაშე. რა თქმა უნდა, მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. ასევე მსურს ვუთხრა მათ, რომ თმენის ვალდებულება არის საფუძველი ჩვენი მოვალეობის შესრულების. კეთილსინდისიერება და ეფექტურობა არის ის კრიტერიუმები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას აღვადგინოთ ნდობის ის მაღალი ხარისხი, რომლის გარეშეც ეფექტური ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ იქნება შეუძლებელი. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალთან და ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე - ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. მსურს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ დღეებში ამ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას, გადავუხადო პირადად მადლობა და გითხრათ, რომ ჩვენ, მოქალაქეებთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებთან ერთად, თითოეულ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც იდგა რუსთაველის გამზირზე, შევძელით მიგვეცა ჩვენი საზოგადოებისთვის შანსი, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ახალი პოლიცია, რომელიც დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას და რომლის ძირითადი ამოცანა იქნება ზრუნვა მოქალაქეზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58