როცა ნარკოპოლიტიკა შედეგს არ იძლევა, სჯობს, აკრძალვები მოხსნა და ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი ბედი - გიორგი მარგველაშვილი

პარასკევი, 29 დეკემბერი, 2017 - 18:59

 ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - შეწყალების საქმეთა კომისიას შორის შეხვედრა მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

აღნიშნული შედეგით დასრულდა შეხვედრა, რომელიც დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ინიციატივით შედგა.

შეხვედრისას მოძრაობის "თეთრი ხმაური", არასამთავრობო ორგანიზაციის "ტალღა" და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, შესაბამისი კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მოისმინეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ის. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე ძალადობრივი ნარკოპოლიტიკაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და რომელმაც სტატისტიკურად ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველოში მუშაობდა და მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომელიც სამართალდამცავების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს.

"დღეს შევხვდი ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უკეთეს, უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, ვინც მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ უფრო ადეკვატური და ლოიალური ნარკოპოლიტიკის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა, ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ სტერეოტიპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა. მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს, როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როდესაც ის აკრძალვები, სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა და ჯობია ადამიანები თავისუფალი იყვნენ, ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად, დახურულ შეხვედრას ესწრებოდა, შეწყალების საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ერთერთი შედეგი იყო ის, რომ შეწყალების საქმეთა კომისია, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და მას შეწყალების მასალებს სთავაზობს, შეხვდეს ამ არასამთავრობოთა ჯგუფს და მათთან ერთად იმსჯელოს - როგორ შეიძლება მოხდეს ნარკოპოლიტიკის გააზრება.

"ამ კომისიის წევრებსაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, წმინდა პრაქტიკული ხასიათის, რომლითაც ისინი გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფლად მიიღებენ. შეიძლება ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59