მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. - გიორგი კვირიკაშვილი

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 - 12:05

არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო ბათუმის ტრაგედიას, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ 27 ნოემბერს გლოვის დღე გვქონდა გამოცხადებული და დამეთანხმებით, რომ უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერის განცხადებით, ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება.

"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ აქ არ მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული.

მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით. მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ანალოგიურია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა..

პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს მიმართა,  მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განხორციელდეს უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

"ასევე, მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რეგიონებში კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამუშაო კამპანია, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული. ეს, რა თქმა უნდა, რაც ეხება მომავალში პრევენციას, მაგრამ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, ან თუ გნებავთ აღრიცხვა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე უნდა შემოწმდეს, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი მოძრაობა ასეთი ტიპის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, რათა დავადგინოთ, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. იცით, რომ მომავალი წლისთვის საგანგებო სიტუაციებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ასეთ სიტუაციებში", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.72
  • 3.05
  • 3.5
  • 0.04
  • 0.49
  • 1.6