ნინო ლომჯარიას კანდიდატურას კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს

სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2017 - 15:29

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება - კონსერვატორების“, „ქართული ოცნება - მრეწველების“, „ქართული ოცნება - მწვანეების“, „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ და „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნინო ლომჯარიას კანდიდატურა განიხილეს.

კანდიდატურის ბიოგრაფია კომიტეტის წევრებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. მისი თქმით, უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მიიჩნევენ, რომ პარლამენტისთვის ნინო ლომჯარიას კანდიდატურის შეთავაზება იქნება ყველაზე კარგი სახალხო დამცველის პოსტზე დასამტკიცებლად.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მინდა, მას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე 7 კანდიდატურა განიხილებოდა. აქედან 4 კანდიდატურა წარმოდგენილი იყო არასამთავრობო სექტორის მიერ.

„ძალიან კარგია, როდესაც მმართველი გუნდის და არასამთავრობო სექტორის პოზიციები ემთხვევა. ეს გადაწყვეტილების მიღებას უფრო აადვილებს. ასეთი შემთხვევა იყო სწორედ ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლაბა, თუ დემოკრატიის მაღალ ხარისხზე აქვს პრეტენზია, არ უნდა აჰყვეს ცდუნებას, რომ მასთან ასოცირებული პირი წარადგინოს აღნიშნულ თანამდებობაზე.

„გარდა ამისა, სახალხო დამცველი უნდა იყოს: პროფესიონალი, სასურველია - იურისტი, სასურველია, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჰქონდეს კვალიფიკაცია, შესაბამისი გამოცდილება. ყველაზე ოპტიმალური, კარგი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, იყო ნინო ლომჯარიას კანდიდატურა“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ ნინო ლომჯარია იქნება ძალიან კრიტიკული, მაგრამ ამავდროულად, ეს კრიტიკა იქნება სამართლიანი და ობიექტური.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59