თბილისი ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2017 - 21:59

თბილისი, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს, - გამოფენის გახსნას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსთან ერთად დაესწრო.

პრემიერმა რამდენიმე თვის წინ იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის კულტურული დაახლოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით მაქსიმალურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.

„სასიხარულოა, რომ კულტურა შემოუძღვა იტალიურ კომპანიებს საქართველოში და ბოტიჩელისა და კარავაჯოს გამოფენის პარალელურად, თბილისში იმართება დღემდე უპრეცედენტო იტალიურ-ქართული ბიზნესფორუმი, რომელშიც იტალიის ყველაზე მსხვილი 35-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენა საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება და ნოემბრის ბოლოს, როდესაც თბილისში იმართება ახალი აბრეშუმის გზის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, ჩვენ გვექნება საშუალება, 1 000-ზე მეტი უცხოური ბიზნესის წარმომადგენელს ვაჩვენოთ ეს გამოფენა და მან უმასპინძლოს ძალიან ფართო საერთაშორისო აუდიტორიას. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე იტალიის ყველა მეგობარს საქართველოში და დამერწმუნეთ, ასეთი ძალიან ბევრია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილმა გამოფენის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და იტალიის საერთაშორისო კომპანიების სააგენტოს, ასევე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებს და ეროვნულ მუზეუმს.

გიორგი კვირიკაშვილმა და ივან სკალფაროტომ ერთობლივად დაათვალიერეს ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59