არცერთ ისეთ ნორმას არ მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც სამართლებრივი კუთხით ნეგატიურად შეფასდება ვენეციის კომისიის მიერ - ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ორშაბათი, 01 მაისი, 2017 - 16:56

ეს არის მმართველობის სისტემა, სადაც უზრუნველყოფილია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო, ზეპარტიული ნეიტრალური პრეზიდენტი და კონსოლიდირებული პარტიული სისტემა - ეს არის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საერთო სულისკვეთება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი მოწვეულ მედიას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ესაუბრა და მაღალი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხშირად, საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი და მიღწეული შედეგები მიმოიხილა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებული ფორმატი სამი თანათავმჯდომარის არსებობას ითვალისწინებდა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებას განსხვავებული ფორმატი შესთავაზა, რომელიც სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის პარლამენტის ეგიდით ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა.

„ამ ორ ფორმატს შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება. საზოგადოებას ცოტა ზედაპირულად მიეწოდებოდა ინფორმაცია ამ ორ ფორმატთან დაკავშირებით, მარტივი შედარება კეთდებოდა, რა ჯობდა, ერთი თავმჯდომარე ჰყოლოდა კომისიას თუ სამი თანათავმჯდომარე. რეალურად, ორ ფორმატს შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება. ერთი ითვალისწინებდა საპრეზიდენტო ფორმატს, მეორე - საპარლამენტო ფორმატს. რაც შეეხება მოქმედ კონსტიტუციას და კანონმდებლობას, კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, ერთადერთი სწორი ფორმატი იყო საპარლამენტო ფორმატი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება, არის სწორედ საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფორმატს არ ჰქონდა ალტერნატივა და ჩვენ სწორი ფორმატით შევქმენით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და სწორედ ამ ფორმატმა მოგვცა ჩვენ შესაბამის შედეგზე გასვლის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობაზე იყო დაფუძნებული. კომისიის 73 წევრს შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, გარდა ამისა, კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

„ყველა შესაბამის სუბიექტს ჰქონდა ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა. პროცესიც იყო ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული, რაც იყო ახალი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა. ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული თითოეული შეხვედრის მიზანი და ამოცანა, რაც არ გვახსოვს წინა კომისიების პრაქტიკიდან და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა კომისიის მუშაობაზე. კერძოდ, კომისიის თითოეულმა წევრმა იცოდა კომისიის სხდომაზე რისთვის მოდიოდა, რა იყო სხდომის მიზანი. ამან განაპირობა ძალიან მაღალი დასწრების მაჩვენებელი და ამან განაპირობა ძალიან აქტიური დისკუსიები კომისიის ფორმატში. კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში, რაც იყო ძალიან დიდი მიღწევა. ამ პროცესის ინკლუზიურობას და ფორმატის მართებულობას აღიარებენ ფართოდ ჩვენი პარტიორები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა კომისიის მიზნებზე და განაცხადა, რომ პარლამენტმა, შესაბამისი დადგენილებით, კომისიას მიზნად დაუსახა კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი რომ მოქმედი კონსტიტუცია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გაუმართავია.  

„მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გამოიკვეთოს, ეს არის მოქმედი კონსტიტუციის გაუმართაობა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. აბსოლუტურად გაუმართავი იყო სტრუქტურა, ნორმები, უამრავი ხარვეზი ჰქონდა კონსტიტუციას, მათ შორის, ტექნიკური. სტრუქტურა იყო არასწორად ჩამოყალიბებული, მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო, იმდენად აღრეული იყო სტრუქტურა, მაშინ, როდესაც ეს დოკუმენტი უნდა იყოს ერთგვარი სახელმძღვანელო ნებისმიერი იურისტისთვის, იმ კუთხით, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სწორი იურიდიული დოკუმენტი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. ეს სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამივე ამოცანა არის ზედმიწევნით შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, თითქმის ყველა მუხლია გადასინჯული. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების უმრავლესობა ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნებოდა.

 „ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. რომ შეადაროთ თქვენ მოქმედი კონსტიტუცია და შეთავაზებული ახალი რედაქცია, არის პრაქტიკულად თითქმის ყველა მუხლი გადასინჯული, თითქმის ყველა პუნქტს შეეხო ცვლილებები, და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ცვლილებების უხეშად რომ ვთქვათ, სადღაც 80-85% ეფუძნება ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პროცესის ინკლუზიურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

მისივე თქმით, პროცესი რაციონალურად იყო დაგეგმილი და შესაბამისად, დაიზოგა გადასახადის გადამხდელთა თანხებიც.

„360 ათასი ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ, როდესაც შედეგი იყო ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია ჩამოეყალიბებინა. ეს ყველაფერიც მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი იყო ძალიან რაციონალურად დაგეგმილი და დავზოგეთ ჩვენი გადამხდელის თანხებიც იმით, რომ რაციონალურად მივუდექით ამ ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს გადაუხადა და კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიმოიხილა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კონსტიტუციის პირველ თავში.

 „განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმ პრინციპებზე, რომლებიც მანამდე ერთგვარად ჩაკარგული იყო კონსტიტუციის პრეამბულაში და ახლა თითოეულ მათგანს კონსტიტუციის პირველ თავში მკაფიოდ ეთმობა ცალკე მუხლი. ეს არის დემოკრატიის პრინციპი, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ეს არის სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკური თავისუფლება. ძალიან მკაფიო გარანტიებია ჩადებული თითოეულ ამ პრინციპთან მიმართებით. მაგალითად, როცა საქმე ეხება დემოკრატიის პრინციპს, ჩვენ გვახსოვს, რომ ძალიან არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული იგივე კონსტიტუციური ორგანოების ვადებთან დაკავშირებით. ორჯერ მოხდა ისე, რომ დაახლოებით ერთი წლით გაუხანგრძლივა კონსტიტუციური ცვლილებებით ჯერ პარლამენტს, შემდეგ კი პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა, რაც არის უხეშ წინააღმდეგობაში სამართლებრივ პრინციპებთან. ახლა იდება კონსტიტუციაში ნორმა, რომელიც ამას აბსოლუტური ფორმით კრძალავს.  სოციალურ სახელმწიფოს რაც შეეხება, ამაზე მინდა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება. არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ამ პრინციპს, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო ნორმატიული და კონცეპტუალური დატვირთვა. ჩვენ ბრალიც კი დაგვდეს იმაში, რომ თითქოს ვაყალიბებთ სოციალისტურ სახელმწიფოს, რაც არანაირ კავშირში არ არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც არის იდეოლოგიურად აბსოლუტურად ნეიტრალური პრინციპი. უფრო მეტსაც გეტყვით, გერმანიაში განვითარდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი თანამედროვე სახით და იქ ამ პრინციპის განვითარების ინიციატორები იყვნენ სწორედ მემარჯვენე პოლიტიკოსები და არა მემარცხენე პოლიტიკოსები. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი კავშირი კონკრეტულ იდეოლოგიასთან, სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არ აქვს, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანების მიმართ მკაფიოდ არის გაწერილი ახალ კონსტიტუციაში, ახალ რედაქციაში, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აისახება შესაბამის პრაქტიკაზეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველ თავთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში საერთო კონსენსუსი იყო. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავშიც.

 „კონსტიტუციას ემატება ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც აქამდე ან საერთოდ არ იყო გარანტირებული, ან არაპირდაპირ იყო უზრუნველყოფილი. ასეთია, მაგალითად, ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, გვაქვს ძალიან ძლიერი ნორმატიული ჩანაწერი, ასევე, გვაქვს ახალი ძირითადი უფლება, რომელიც იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და ინტერესებს, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლება. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობისთვის არის განსაკუთრებული გარანტიები შექმნილი, უფლება ე.წ. კარგ მმართველობაზე და სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ესეც არის ახალი ძირითადი უფლება, რომელიც ჩნდება კონსტიტუციაში და არის ძალიან მნიშვნელოვანი დამატება - მეწარმეობის თავისუფლება და ასე შემდეგ. ეს არის ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც ხაზგასმით არის გარანტირებული კონსტიტუციის ახალი რედაქციით და ასევე, მთელ რიგ შემთხვევებში გვაქვს გაზრდილი ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტი, მაგალითად, ეს ეხება თანასწორობის ძირითად უფლებას, ეს ეხება პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითად უფლებას. ეს ეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ჯანდაცვის უფლებას, გარემოს დაცვის უფლებას და ა.შ.  გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება მეორე თავში და ამასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან ფართო დისკუსია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ამ დისკუსიის საფუძველზე გადაისინჯა კონსტიტუციის მეორე თავი. რაც შეეხება აქ კენჭისყრის შედეგებს. 45 მომხრე იყო, 4 წინააღმდეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

რაც შეეხება შრომის თავისუფლებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიამ სტანდარტი არსებულ დონეზე შეინარჩუნა, რაც კომისიის რამდენიმე წევრის უარყოფითი პოზიციის მიზეზი გახდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც შეეხება სახალხო დამცველის დაკავშირებულ მუხლს, შესაძლებელია, სახალხო დამცველთან კონსულტაციები გაგრძელდეს და კონსენსუსის საფუძველზე, შესაბამისი მუხლი კიდევ ერთხელ გადაიხედოს.  

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანი დამატებებია საქართველოს პარლამენტის ნაწილში.  

„ძლიერდება ოპოზიციის უფლებები სხვადასხვა კუთხით. გამოვყოფდი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებას. დღეს, მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, და ეს უფლება იქცევა უკვე უმცირესობის უფლებად. კერძოდ, პარლამენტის წევრთა ერთ მესამედს, შეეძლება თავისი გადაწყვეტილებით საგამოძიებო კომისიის შექმნა.  ფრაქციებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი ცვლილება. კერძოდ, მოგეხსენებათ, დღეს ძალიან არასწორი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტში. რეალურად, პარლამენტში არის ოთხი სუბიექტი წარმოდგენილი და ჩამოყალიბებულია 11 საპარლამენტო ფრაქცია, რაც მთლიანად წინააღმდეგობაშია ევროპულ ტრადიციებთან. ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციის დონეზე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი და მომავალ პარლამენტში, რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, იმდენი ფრაქცია შეიქმნება საქართველოს პარლამენტში. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა სრული კონსენსუსი - 43 მომხრე, 1 წინააღმდეგი“, - განაცხადა  კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძის თქმით, ფუნდამენტური ცვლილებაა საპარლამენტო არჩევნების ნაწილში - შერეული სისტემა იცვლება პროპორციული სისტემით. მისივე განცხადებით, თუ ბლოკის ინსტიტუტი არ გაუქმდება, ქვეყანაში ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. ახალი რედაქციით, საარჩევნო ბაერიერი ნარჩუნდება არსებულ დონეზე - 5 %-ზე, რაც ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა. რაც შეეხება გაუნაწილებელი მანდატების პრაქტიკას გამარჯვებული პარტიისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პლურალიზმთან ერთად, უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობის სათანადო ხარისხი.  

„შერეული სისტემიდან გადავდივართ სუფთა, პროპორციულ სისტემაზე, თავისი ელემენტებით.  პირველი ელემენტი ეს არის ბლოკების გაუქმება, რომელსაც არ აქვს კავშირი სტაბილურობის ინტერესთან, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი არის ის, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში ძალიან პრინციპულ, გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას და თუ ეს ბლოკი შენარჩუნდება კანონმდებლობის დონეზე, მერწმუნეთ, რომ საქართველოში პარტიული სისტემა არასდროს ჩამოყალიბდება.  დღეს საქართველოში არსებობს 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ საქართველოში რამდენი პოლიტიკური პარტიის ჩამოთვლა შეუძლია, მე დარწმუნებული ვარ, რომ 6-7 პარტიას ვერ გადასცდება. იმიტომ, რომ საქართველოში რეალურად ამაზე მეტი პოლიტიკური პარტია არ არსებობს. ამ დროს, საქართველოში კანონის თანახმად, 20 პარტიას ეწოდება კვალიფიციური პარტია, რაც იწვევს აბსოლუტურ აღრევას პარტიულ სისტემაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ბლოკის ინსტიტუტი თუ არ გაუქმდება, საქართველოში არასოდეს ჩამოყალიბდება ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა. აქედან გამომდინარე ბლოკის გაუქმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა კონსტიტუციის გადასინჯვისას.  საარჩევნო ბარიერი ნარჩუნდება არსებულ დონეზე. ეს არის 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. პირველ რიგში, ამ ორ ელემენტზე რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება პარტიებისთვის 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესებას, ეს არის ევროპის ქვეყნებში ფართოდ აპრობირებული პრაქტიკა, არის ათზე მეტი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც ხაზს ვუსვამ, პარტიებისთვის მოქმედებს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით, ვერც იურიდიული და ვერც სხვა სახის შენიშვნები ვერ იქნება. ჩვენ გვქონდა პირველადი კონსულტაციები ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და ბუნებრივია მათაც ეს პოზიცია დააფიქსირეს. კიდევ ერთხელ, რაც შეეხება პარტიებისთვის 5-პროცენტიანი ბარიერის დაწესებას, ეს არის პირდაპირ თავსებადი საერთო ევროპულ გამოცდილებასთან.  გვაქვს ჩვენ მესამე ელემენტი, რომელიც არ გვხვდება ევროპული ქვეყნების გამოცდილების დიდ ნაწილში, თუმცა ევროპის ორ ქვეყანაში ესეც არის აპრობირებული პრაქტიკა. საქმე ეხება ე. წ. ბონუსს, ანუ გაუნაწილებელი მანდატების პრაქტიკას გამარჯვებული პარტიისთვის, რაც არის ჩვენი აზრით. მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პლურალიზმთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობის სათანადო ხარისხი. ეს არის ამოცანა და სწორედ ამ მიზნით ხდება ე. წ. ბონუსის ელემენტის დამატება საარჩევნო სისტემისთვის. საუბარია მინიმალურ დანამატზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გარკვეული ხარისხით სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრებაში, საპარლამენტო უმრავლესობა იყოს ჩამოყალიბებული მეტ-ნაკლებად სტაბილური ფორმით, პარტიული თუ მრავალპარტიული ფორმატით. ეს სისტემა, თავის ბონუსით და თავის ფორმატით, არ იძლევა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების გარანტიასაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება გამარჯვებულმა პარტიამ აიღოს 40 პროცენტი ხმების და შეიძლება თავისუფლად, არ დაიკარგოს 10 პროცენტზე მეტი ხმების. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პარტიას ვერ ექნება 75-ზე მეტი მანდატი საქართველოს პარლამენტში.  ეს სისტემა არ იძლევა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების არანაირ გარანტიას განსხვავებით იგივე იტალიური და ბერძნული მოდელებისგან, სადაც პირდაპირ პრაქტიკულად გარანტია არის ჩადებული ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების.  ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა არის უკეთესი დღეს არსებულთან შედარებით. რატომ ვცვლით დღეს არსებულ სისტემას - დღეს არსებული სისტემა იურიდიული თვალსაზრისით არის პრინციპებთან შესაბამისობაში. არის უამრავი ქვეყანა, სადაც მოქმედებს პროპორციული ან მაჟორიტარული სისტემა. დღევანდელი შერეული სისტემა ვერ შეფასდება არალეგიტიმურად. მით უმეტეს, არის ევროკავშირის კონკრეტული სისტემა, სადაც ზუსტად იგივე სისტემა მოქმედებს. არსებობს აგრეთვე სხვა დემოკრატიული ქვეყნები, სადაც მოქმედებს ზუსტად ასეთი შერეული სისტემა. რატომ გადავწყვიტეთ არსებული სისტემის ჩანაცვლება პროპორციული სისტემით? იმიტომ, რომ გვაქვს ძალიან ნეგატიური გამოცდილება ჩვენი უახლოესი წარსულიდან. მნიშვნელოვანია გადასვლა პროპორციულ სისტემაზე - ისეთ სისტემაზე, სადაც რეალურად გამოირიცხება ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია საქართველოს პრეზიდენტის ნაწილშიც.  

„სტატუსი განისაზღვრება 3 ძირითადი ჩანაწერით მოქმედ კონსტიტუციაში. ეს არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. მთავარია, რომ ამ ყველაფერს არ მიეცეს არასწორი ინტერპრეტაცია, რაც ხშირად ეძლეოდა გასული 3 წლის განმავლობაში. რაც შეეხება სახელმწიფოს მეთაურს - სახელმწიფოს მეთაური ეწოდება ყველა მონარქს და პრეზიდენტს ნებისმიერ ქვეყანაში.  ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პრეზიდენტი არის იმავდროულად ქვეყნის მმართველი. საზოგადოება არ უნდა დააბნიოს ამ ჩანაწერმა. იგივე ეხება უმაღლეს მთავარსარდალს. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები, და მესამე - წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში - აქაც ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს, არ არსებობს ქვეყანა, კონსტიტუცია, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი არ არის მოხსენიებული როგორც წარმომადგენელი ან თუნდაც უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ან მონარქს აქვს მინიჭებული შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტული კომპეტენცია საგარეო კომპეტენციების სფეროში. მთავარია, როგორი უფლებამოსილებები არის განსაზღვრული სახელმწიფოს მეთაურისთვის შესაბამისი კომპეტენციით. ანუ სამივე ეს ნიშანი სტატუსის რჩება ძალაში. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც ანუ სტატუსის კუთხით ჩვენ ცვლილება კონსტიტუციაში არ გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ კუთხითაც, არის გარკვეული დაზუსტებები.

„აქაც ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ის კომპეტენციები კი ქრება კონსტიტუციაში, რომელიც მანამდე ჰქონდა მიკუთვნებული საქართველოს პრეზიდენტს. რეალურად, ცვლილება ჩვენ ვაქვს მხოლოდ 2 ნაწილში: ერთი არის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და ჩანაცვლება თავდაცვის საბჭოთი და მეორე ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა. არცერთ სხვა შემთხვევაში არსებითად არ გადაისინჯება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციები. რაც შეეხება ამ ორ ცვლილებას, ორივესთან დაკავშირებით იყო ძალიან მკაფიო რეკომენდაციები ვენეციის კომისიის. უზენაესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას შავით თეთრზე უწერია თავის დასკვნაში, რომ არ ვარგა პრეზიდენტის მიერ მათი წარდგენა და უმჯობესია იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს წარმდგენი და ამას ეფუძნება ეს ცვლილება და ინსტიტუციურად ეს არის უფრო სწორი და რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს, აქ გვქონდა აბსოლუტურად არასწორი სამართლებრივი კონსტრუქცია ჩამოყალიბებული. ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტს აძლევს რჩევას იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის გამგებლობის ქვეშ ანუ ერთის უფლებამოსილებაა და მეორეს აძლევს რჩევას, რაც არის, ბუნებრივია, იურიდიული ნონსენსი. ამაზე საუბრობდნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები 2010 წლიდან, მაგრამ ეროვნული უშიშროების საბჭო მაინც დარჩა იმ სახით, როგორც იყო წარმოდგენილი მმართველობის სიტემაში. ორივე შემთხევაში სუფთა სამართლებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე ხდება ცვლილების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

რაც შეეხება სხვა კომპეტენციებს, მისივე თქმით, პრეზიდენტის კომპეტენციების არსებითად გაზრდა ან შემცირება შეუძლებელია, რადგან ამ კუთხით პრინციპული ცვლილება კონსტიტუციაში 2010 წელს შევიდა, როცა განისაზღვრა, რომ ერთადერთი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, არის საქართველოს მთავრობა.

 „მარტივად რომ ვთქვათ, უხეშად, პროცენტულ მაჩვენებლებში, პრეზიდენტს ჰქონდა ასპროცენტიანი ძალაუფლება 2010 წლის ცვლილებების განხორციელებამდე და ეს ასპროცენტიანი ძალაუფლება უხეშად რომ ვთქვათ, დავიდა დაახლოებით 0,3 პროცენტამდე. ასეთი რადიკალური ცვლილება განხორციელდა 2010 წელს, სხვათა შორის, იმ ოპონენტების მიერ, რომლებიც დღეს საუბრობენ პრეზიდენტის კომპეტენციების შეზღუდვაზე ნეგატიურ კონტექსტში. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს რაიმე პრინციპული ცვლილება პრეზიდენტის კომპეტენციების კუთხით, არსებითად, პრეზიდენტს რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრულია მოქმედი კონსტიტუციითაც“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფუნდამენტური ცვლილებაა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც - პირდაპირი არჩევის წესი არაპირდაპირი არჩევის წესით იცვლება.

 „აქაც ხდება საზოგადოებისთვის არასწორად ამ საკითხის მიწოდება, ხდება სპეკულირება, მანიპულირება ამ ცვლილებით, მითუმეტეს, რომ სპეკულირება ძალიან ადვილია ამ თემით - მარტივად, უსვამ კითხვას საზოგადოებას, რა ურჩევნია, თვითონ აირჩიონ პრეზიდენტი თუ სხვამ აირჩიოს. როდესაც სისტემის დეტალებს არ განმარტავ, ბუნებრივია, სასპეკულაციოდ ეს არის ძალიან მარტივი საკითხი. ჩვენთვის მთავარი რა არის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი იყოს მაქსიმალურად მორგებული იმ მმართველობის სისტემაზე, რომელიც ყალიბდება. ეს მმართველობის სისტემა არის საპარლამენტო მმართველობა და საპარლამენტო მმართველობისთვის უმჯობესია პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით, რასაც ადასტურებს ევროპული გამოცდილებაც. არის ნახევარი ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი წესით, მეორე ნახევარში - არაპირდაპირი წესით. იქ, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ არაპირდაპირი წესით, პარლამენტის ან კოლეგიური წესით, არასდროს სისტემური პრობლემა არ წარმოშობილა, მაშინ, როდესაც იქ, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით საპარლამენტო რესპუბლიკებში, უმეტეს შემთხვევაში წარმოიშვა სისტემური ხასიათის პრობლემები, მათ შორის, პრობლემა იყო, მაგალითად, კომპეტენციების გადაფარვა კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, პრობლემა იყო ოდიოზური ან არაპროდასავლური ან სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ნეონაცისტური მიდრეკილების მქონე პრეზიდენტების არჩევა ან თითქმის არჩევა პრეზიდენტის პოსტზე და ა. შ. ეს თავისთავად ხელს უშლის პარტიული სისტემის განვითარების პროცესსაც შესაბამის ქვეყნებში. კიდევ ერთხელ - სადაც არის არაპირდაპირი არჩევნები, იქ არასდროს არ ყოფილა ამ კუთხით სისტემური პრობლემები, სადაც არის პირდაპირი არჩევნები, უმეტეს შემთხვევაში გაჩნდა სისტემური ხასიათის პრობლემები, მათ შორის, ძალიან განვითარებულ ევროპულ, დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკებშიც კი. გარდა ამისა, ამ სისტემაში არსებული უფლებამოსილებები აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რა სახით უნდა წარიმართოს პირდაპირი არჩევნების დროს საარჩევნო კამპანია. როდესაც პრეზიდენტს ვერ ექნება თავისი საარჩევნო პროგრამა, ვერ გასცემს დაპირებებს, ვერ ესაუბრება ამ საკითხებზე ამომრჩევლებს, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საარჩევნო კამპანია და მესამე საკითხი, რა შემთხევაში აირჩევა უფრო მეტად ზეპარტიული პრეზიდენტი, ხომ? ამოცანა არის ზეპარტიული პრეზიდენტის, ნეიტრალური არბიტრის არჩევა. წარმოვიდგინოთ 2 სხვადასხვა შემთხვევა. ერთი, როდესაც ხდება შედარებით მარტივი პროცედურით პრეზიდენტის არჩევა და მეორე, როდესაც პარტიას ჰყავს თავისი კანდიდატი, ჩართულია მთელი პარტიული სტრუქტურები პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევაში და უნდა დაიხარჯოს და უნდა დაიხარჯოს არაერთი მილიონი, რომ გაიმარჯვოს შენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა. ასეთ დროს, ბუნებრივია, პრეზიდენტობის კანდიდატის და შემდგომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა მისი წარმდგენი პარტიის მიმართ არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც კოლეგიის პირობებში წარადგენ პრეზიდენტობის კანდიდატს და ირჩევ მას იქ შესაბამისი უმრავლესობით. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან ფართოდ მსჯელობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს ჯანსაღი საპარლამენტო დემოკრატიის ჩამოყალიბებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ..  

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, კონსტიტუციის ერთ-ერთი სუსტი მხარე მთავრობის თავი იყო, რაც ხაზგასმითაა აღნიშნული ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში.

 „ფუნდამენტური პრობლემა იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ეს პრობლემა არის აღმოფხვრილი ახალ რედაქციაში, რაზეც შევჯერდით კომისიის ფორმატში და ეს ყველაფერი, რაც მთავარია, უზრუნველყოფს კომისიის გაძლიერებას, როგორც მთავარი კონსტიტუციური ორგანოს გაძლიერებას საპარლამენტო მმართველობის პირობებში. იყო საუბარი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან იმაზე, რომ თითქოს ახალი მოდელი აყალიბებს სუპერსაპრემიერო მმართველობას. ახალი მოდელი აყალიბებს მმართველობას, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, ევროპული საპარლამენტო დემოკრატიების საუკეთესო პრაქტიკას, არავითარ ჭარბ ძალაუფლებაზე ამ შემთხვევაში საუბარი არ შეიძლება იყოს. ესეც იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ერთ-ერთი მცდელობა. მთავრობის თავი არის სრულ შესაბამისობაში, განსხვავებით მოქმედი რედაქციისგან, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. რაც შეეხება კენჭისყრის შედეგებს, მთავრობის ნაწილში იყო სრული კონსენსუსი - 49 მომხრე , არცერთი წინააღმდეგი. რაც შეეხება პრეზიდენტის ნაწილს არჩევნების გარეშე - აქ იყო , ასევე, სრული კონსენსუსი, არცერთს არ მიუცია წინააღმდეგ ხმა, არც პრეზიდენტის თავთან მიმართებაში, არც თავდაცვის თავთან მიმართებით, საერთო კონსენსუსი შედგა პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, ერომ ყოველგვარი სპეკულაცია პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლოს ნაწილში შესული ცვლილებები, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას ემსახურება. დგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა და 28 მოსამართლით განისაზღვრება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისადი ცვლება.

„იქნება მოსამართლეების შეუცვლელობის პრინციპი, რაც არის ფუნდამენტური გარანტია მოსამართლეების დამოუკიდებლობისათვის. მათ შორის, დგინდება ხაზგასმით, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი. ეს ყველაფერი ეფუძნება არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების წინადადებებს.  მკაფიოდ არის განსაზღვრული იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესი. პროკურატურა გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობიდან და ყალიბდება როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

რაც შეეხება ფინანსების და კონტროლის ნაწილს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაზირებულ იქნა ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის წინადადებები.  როგორც პრესკონფერენციაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში მოუწესრიგებელი იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილი.

 „ეს საკითხები არის ფუნდამენტურად მოწესრიგებული და ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული ის, თუ ვის რა ფუნქციები აქვს მინიჭებული საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ან ზოგადად, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. აქაც ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩვენ კომპეტენციებთან დაკავშირებით. ეს სპეკულაციებიც არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები. სრული კონსენსუსი იყო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებთან კომისიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გადაწყვეტა, რაც არის წარმოდგენილი ახალ რედაქციაში, იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტა ამ საკითხის. სპეკულირებას ვისმენთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ, რომ თითქოს ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი და ეს გამოიწვევს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შეზღუდვას, რაც არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ სპეკულაცია და დემაგოგია და ამაზე საუბარი არის მოკლებული ყოველგვარ რაციონალურ საფუძველს“, - განაცხადა კობახიძემ.  

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მნიშვნელოვანი გარანტიებია ჩადებული თვითმმართველი ერთეულის ავტონომიისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.  რაც შეეხება კონსტიტუციის გადასინჯვას, ირაკლი კობახიძის თქმით, შემოდის ე.წ. პლურალური ოტუმი.  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციას ემატება მე-11 თავი, სადაც ერთადერთი ჩანაწერია წარმოდგენილი - „ ეს ეხება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას. ერთგვარი დავალების ფორმით არის გაწერილი ეს საკითხი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, კერძოდ, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ევალება გადაწყვეტილების მიღება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში“.  

მისივე თქმით, ფუნდამენტურად გადაისინჯა კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ და ახალი რედაქცია შემუშავდა.

 „რაც შეეხება საერთო კენჭისყრის შედეგებს, 43 მომხრე იყო და 8 წინააღმდეგი. ჩვენ ბოლოს ჩავატარეთ სარეიტინგო კენჭისყრა და კენჭი ვუყარეთ საკითხს არსებული რედაქციის ძალაში დატოვების თაობაზე. ვიკითხეთ, ვინ იყო მომხრე არ განხორციელებულიყო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და ძალაში დაგვეტოვებინა ჩვენ კონსტიტუციის არსებული რედაქცია. არც ერთი მომხრე არ ჰყავდა ამ საკითხს. ანუ, ყველა ერთხმად აღიარებს კომისიაში, მათ შორის ის წევრებიც, რომლებიც გარკვეულ რეგულაციებს აპროტესტებენ, ისინიც კი აღიარებენ, რომ ეს ცვლილებები არის ფუნდამენტური წინსვლა და უზრუნველყოფს ძალიან ჯანმრთელი და ჯანსაღი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა.  

მისივე თქმით, ახალი სისტემა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება. ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა პროცედურაც - მისი თქმით, კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში დღეს მოხდება. დაგეგმილია რეგიონებში გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა. დოკუმენტის საპარლამენტო განხილვა ივნისში დაიწყება.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არცერთ ნორმას, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან უარყოფითად შეფასდება.  

„ძალიან თამამი განაცხადი გავაკეთეთ ვენეციის კომისიასთან მიმართებით და ვთქვით, რომ არცერთ ისეთ ნორმას არ მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც სამართლებრივი კუთხით ნეგატიურად შეფასდება ვენეციის კომისიის მიერ და ჩვენი ეს განცხადება ბუნებრივია რჩება ძალაში. ივნისში დაიწყება დოკუმენტის საპარლამენტო განხილვა.მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ივნისის თვის განმავლობაში, შედგება ორი მოსმენა. მეორე სესიაზე, სავარაუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში მიღებული იქნება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, და უკვე საბოლოო ჯამში ცვლილებები ამოქმედდება კონსტიტუციის არსებული რედაქციის თანახმად მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ რედაქციით, გაისად ჩატარდება პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნები. ანუ, ექვსი წლით ხდება გადავადება სრულფასოვანი ამოქმედება ახალი მმართველობის სისტემის და რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამ რედაქციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს შედგება უკვე პროპორციული სისტემით. ეს არის გათვალისწინებული იმ კანონპროექტით, რომელიც წარედგინება დღეს საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58