უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში - გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას პრიორიტეტებზე ისაუბრა

ორშაბათი, 28 დეკემბერი, 2015 - 20:38

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს მოუსმინეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. მისივე თქმით, ეს პრიორიტეტი შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებშიც აისახება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, კიდევ ერთი მიზანი მოსახლეობის ყველა ფენაში მეწარმეობის განვითარებაა.

„გაცილებით უფრო ძლიერი აქცენტის გადატანა კერძო ბიზნესის ინიციატივებზე და უფრო აქტიური ჩართვა კერძო ბიზნესისა ყველა სფეროში. ყველა ის სფერო, ის პროექტი, სადაც შესაძლებელი იქნება კერძო სტრუქტურის ჩართვა, განხორციელდება კერძო სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან და გამოირიცხება სახელმწიფოს ჩარევა - ეს იქნება პრინციპი და ფუნდამენტი ჩვენი კაბინეტის მიდგომისა ეკონომიკასთან მიმართებაში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გაგრძელდება უკვე დაწყებული პროექტები და გარდა ამისა, დაემატება დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროგრამებიც.

„ამას სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, ქვეყანაში გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ, ახალგაზრდები, სტუდენტები, რომელთა იდეებიც კვდება ჩანასახის დონეზე, უზრუნველყოფის არარსებობის გამო. ამიტომ, საწყის ეტაპზე, საპარტნიორო ფონდის ფარგლებში, გავაკეთებთ საწყის დაფინანსების ფონდს, რომლის მეშვეობითაც შევეცდებით, რომ დავაფინანსოთ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით საწყისი ბიზნესები, განსაკუთრებული აქცენტები იქნება გადატანილი ახალგაზრდების, სტუდენტების მიერ წარმოდგენილ ინოვაციურ პროექტებზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სერვისის ინდუსტრიის განვითარებას. როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამუშაო ადგილების შექმნაში განსაკუთრებით ეფექტიანი ტურიზმის ინდუსტრიაა.

„გვაქვს სამოქმედო გეგმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, თუმცა, ვაპირებთ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მოწვევას. ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გავაორმაგოთ უახლოეს წლებში და ეს არის 3 მლრდ ლარზე მეტი შემოსავალი დღესდღეობით ტურიზმში ჩართული სუბიექტებისთვის და მიზანმიმართული პროგრამების განხორციელების შედეგად, 2-3 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამ შემოსულობების გაორმაგება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კიდევ ერთ პრიორიტეტად პრემიერმინისტრობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ დარგის განვითარების კვალდაკვალ, ქვეყანა სუბსიდირებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპულ და ალტერნატიულ ბაზრებზე პრომოცირებაზე გადავა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ენერგეტიკის სექტორიც.

„ჩვენი ენერგეტიკა უნდა გახდეს უფრო მეტად დამოუკიდებელი. ამ კუთხით დადებითი ტენდენციებია, გაზრდილია შიდა მოხმარება და ექსპორტი. ამ მიმართულებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება როგორც ჰიდრორესურსების ათვისების კუთხით, ასევე ალტერნატიული მწვანე ენერგიის განვითარების კუთხით და სასიხარულოა, რომ პირველი ქარის ენერგიის პროექტი უკვე ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებას მეტი გასაქანი მიეცემა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული სფეროებია და ამ მიმართულებითაც პოზიტიური ტენდენციები აღინიშნება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანა საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებაც იქნება.

„ჩვენი საზოგადოებრივი განვითარების ქვაკუთხედი იყო, არის და იქნება განათლების სფერო. განათლების სფერო უნდა დაიგეგმოს დინამიურად. განათლების სტრატეგიას უფრო მეტად დავაფუძნებთ დინამიურ კვლევაზე, რათა ის ახალგაზრდები, რომელბიც საქართველოში ისწავლიან, შემდეგ მოთხოვნადი იყვნენ. უფრო მეტად წავახალისებთ კერძო სექტორის ჩართულობას განათლების სისტემაში, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა ფენისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სფეროზე საუბრისას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანებაა. მისივე თქმით, რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობის პოლიტიკა გაგრძელდება.

„ჩვენს ურთიერთობებში უმთავრეს ფორმატად რჩება ჟენევის დისკუსიის ფორმატი, თუმცა, აბაშიძეს და კარასინს შორის ურთიერთობის ფორმატი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან იქნა ეს ფორმატი აღიარებული, როგორც მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობების დეესკალაციისთვის“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, გაგრძელდება რეფორმები კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც.

„მინდა ჩემი მხრიდან და ჩვენი კაბინეტის სახელით, დავდო თქვენს წინაშე პირობა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ თითოეული თქვენგანის ჩართულობის უფრო მაღალი დონის მისაღწევად მთავრობის მუშაობაში. ჩვენი ურთიერთბა უნდა იყოს პარტნიორული, დიდი სურვილი მაქვს, რომ თითოეული თქვენგანის ჩართულობა მთავრობის მუშაობაში იყოს უფრო აქტიური, თითოეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ გვექნება თანმიმდევრული მიდგომა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იქნას უფრო მეტი დიალოგის გზით პარლამენტის წარმომადგენლებთან და ჩვენ მივანიჭებთ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თითოეული სამინისტროს მიმართულებით, ჩვენი საქმიანობა, როგორც მიმდინარე საქმიანობა, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული გეგმები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები აქტიურად იქნება განხილული საპარლამენტო წარმომადგენლობასთან ერთად და ამის შედეგებს თქვენ უშუალოდ დაინახავთ უახლოეს მომავალში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლების უფრო ფართო წრეები უფრო მეტად ჩავრთოთ მთავრობის საქმიანობაში და გამჭვირვალობის უფრო მაღალი დონე იქნას მიღწეული ამ კუთხით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის ყველა მიღწევა ხელმისაწვდომი იქნება აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვისაც, რადგან, მისივე თქმით, შერიგების პოლიტიკას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში, იმიტომ, რომ დრო მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ, რაც უფრო მეტი დრო გავა და ვერ მივაღწევთ პროგრესს, მით უფრო დავშორდებით ერთმანეთს. ამიტომ გვმართებს, რომ კიდევ უფრო აქტიური, თამამი ნაბიჯებით ვიაროთ ამ მიმართულებით, რათა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეები კიდევ უფრო ჩავრთოთ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც სოციალური დახმარების საკითხებს, ვიზალიბერალიზაციას, ტურიზმის განვითარებას, გაზიფიცირების პროცესსა და სასამართლო რეფორმას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57