მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება

ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2015 - 17:46

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცირებითა და საქართველოს მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილებით, ისტორიული მცხეთის გადარჩენისა და განვითარებისთვის, მსოფლიო მემკვიდრეობის ქართული ძეგლის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტია მცხეთის ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზება და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობა, რაც საფუძვლად დაედება საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის - მცხეთის ისტორიული ძეგლების იუნესკოს ძირითად ნუსხაში, საპატიო საერთაშორისო სტატუსის აღდგენას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ისტორიული მცხეთის დაცვისა და განვითარებისთვის გასული ორი წლის განმავლობაში განხორციელდა მცხეთის კულტურული ლანდშაფტის კვლევა და მომზადდა - ისტორიულ მცხეთაში განხორციელებული ახალმშენებლობების კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასებითი დოკუმენტი.

მცხეთის თვითმმართველობის მიერ მზადების პროცესშია მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია და მოთხოვნები. საგულისხმოა, რომ მცხეთაში ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს) და ICCROM-ის (კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის) ერთობლივი მონიტორინგის შედეგად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2009 წელს მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მცხეთაში სახელმწიფო მიწების პრივატიზაციის, შესაბამისი უკონტროლო განაშენიანების და მსოფლიო მემკვიდრეობის არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლებისა და ლანშაფტის დაცვის ზონაში მიმდინარე ახალმშენებლობებისა შედეგად აღმოჩნდა. აღნიშნულმა პროცესმა საფრთხე შეუქმნა მცხეთის ისტორიული ძეგლების განსაკუთრებულ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59