საია პროკურატურაში ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის დაბარების ფაქტს ადვოკატთა უფლებებში ჩარევის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს

ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2015 - 19:36

საია ეხმიანება მიმდინარე წლის 20 ივლისს ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარების ფაქტს მთავარ პროკურატურაში მის მიერ შეტანილი საჩივრის გამო, რომელიც შეეხებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ შესაძლო კანონდარღვევებს.

საიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმნის რეალურ და აშკარა საფრთხეს, რომ დაირღვეს როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ისე „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შექმნას ადვოკატის უფლებებში ჩარევის საშიში პრეცედენტი. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს.

გარდა ამისა, ადვოკატს უფლება აქვს კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ადვოკატს ავალდებულებს, რომ დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად და კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ინფორმაცია.

"ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობის სტანდარტებს განამტკიცებს საერთაშორისო კანონმდებლობაც. იურისტთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპები1 აღიარებს ადვოკატის უფლებას, შეძლოს თავისი პროფესიული ფუნქციების შესრულება დაშინების, დაბრკოლების, ხელის შეშლის, არასათანადო ჩარევის გარეშე და სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ ზემოაღნიშნული უფლებების ჯეროვანი დაცვა და ხელშეწყობა. ამასთან, სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ და პატივი სცენ ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის ყველა კომუნიკაციისა და კონსულტაციის კონფიდენციალურობას მათი პროფესიული ურთიერთობის ფარგლებში. ძირითადი პრინციპები ასევე ადგენს, რომ ადვოკატი უნდა სარგებლობდეს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით ყველა განცხადების მიმართ, რომელიც მას წარდგენილი აქვს სასამართლოსა თუ ადმინისტრაციული ხელისუფლების წინაშე, კეთილსინდისიერად, ზეპირი ან წერილობითი ფორმით. შესაბამისად, პროკურატურის მხრიდან ადვოკატის მოწმის სახით დასაკითხად დაბარება ქმნის ადვოკატის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების ხელყოფის რეალურ საშიშროებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას, პატივი სცეს ადვოკატის ინსტიტუტს და თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელებისაგან, რომელმაც შესაძლოა საფრთხეს შეუქმინას ადვოკატთა საქმიანობის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58