არასამთავრობოები ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ

სამშაბათი, 14 ივლისი, 2015 - 23:01

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:

"არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე შეშფოთებას გამოვთქვამთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორცილებული ზეწოლის გამო. ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ემსახურებიან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერას და ევროპული ტიპის სახელმწიფო მართვის სისტემების შექმნას.

2014 წლის 1 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციები “ქვეყნის იმიჯის შერყევაში” დაადანაშაულა და მათ საქმიანობას “ძირგამომთხრელი” უწოდა, რაც გახდა საფუძველი პოლიტიკოსთა მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებისა და ქმედებებისა.

2015 წლის 26 იანვარს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის, ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად, წინასწარ გამოაცხადა სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერებზე მაკომპრომეტირებელი მასალის გამოქვეყნება.

მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ვნებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან, არამედ აღნიშული ღირებულებების მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც აძლიერებს.

აღნიშნული ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს.

ხელისუფლების წევრებსა და სხვა პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან", - განცხადებას ხელს აწერენ:. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA); საფარი;  კონსტიტუციის 42-ე მუხლი;  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);  იდენტობა;  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57