საქართველოს გეოგრაფიული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 13:59

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში”, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სემინარი საქართველოს გეოგრაფიული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, კულტურის, ლტოლვილთა და განსახლების, ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეები.

2007 წელს ევროპარლამენტმა მიიღო INSPIRE-ის დირექტივა ევროკავშირის ქვეყნებში გეოგრაფიული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ, რაც ითვალისწინებს ამ სფეროს საკანონმდებლო ბაზისა და ადმინისტრაციული საკითხების დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას, გეოგრაფიული სივრცითი მონაცემების ჰარმონიზაციასა და თავსებადობას.

INSPIRE-ის დირექტივა მიმართულია გარემოსდაცვითი საკითხების რეგულირებისკენ, კატასტროფების თავიდან აცილების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, კავკასიის რეგიონში პირველმა გადადგა ნაბიჯი ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

გეოგრაფიული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შემდგომ ეტაპზე შეიქმნება ერთიანი ვებპორტალი, რომლის საშუალებით სახელმწიფო და კერძო სექტორი გეოსივრცით მონაცემებს მარტივად მიიღებს. სამომავლოდ, აღნიშნული ვებპორტალი თავსებადი და ხელმისაწვდომი იქნება ევროპული საზოგადოებისთვის.

უახლოეს პერიოდში, მთავრობის დადგენილებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით დაკომპლექტდება სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნისთვის ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციას.

დღეს, ქვეყანაში გეოგრაფიული სივრცითი ინფორმაციის წარმოებასთან დაკავშირებით ძირითად პრობლემას ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სიმწირე, საერთო წესების, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური სტანდარტების გარეშე შექმნა წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მონაცემთა ხარისხზე, სანდოობასა და ხელმისაწვდომობაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. ასევე, შვედმა ექსპერტებმა წარადგინეს სივრცითი მონაცემების გამოყენების შვედური მოდელი.

სემინარის ორგანიზაციული და ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრისა და კარტოგრაფიის ეროვნული სააგენტოს (Lantmäteriet) პროექტი „საჯარო რეესტრის ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურება“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58