სახალხო დამცველი აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 12:58

საქართველოს სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“-სა და მათი მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის დროს დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციავ ვერ უზრუნველყო ლგბტ უფლებადამცველებისა და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოება.

"2013 წლის 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“-ს და მათი მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია იყო დაგეგმილი. პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

სამწუხარო პარადოქსია, რომ სწორედ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე გახდა საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო, რომ ერთი და იგივე ადგილზე უნდა გამართულიყო პარალელური აქცია, ასევე იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გაკეთებული იყო კორდონი, პოლიციამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება. ლგბტ უფლებადამცველები და მათი მხარდამჭერი აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უსაფრთხოების მიზნით მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გაიყვანეს ადგილიდან. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული 17 პირი, 12 გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ შორის საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი. დაშავებულთა შორის არის რადიო “ფორტუნას” ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებმა პარალელურად სცადეს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ოფისის დარბევაც.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუხედავად მცდელობისა ვერ უზრუნველყო სათანადო ღონისძიებების გატარება, რაც უზრუნველყოფდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების აქციის ჩატარებას. გავრცელებული კადრებიდან აშკარაა, რომ პარალელური აქციის მონაწილეები, მათ შორის სასულიერო პირები, იყვნენ იმთავითვე აგრესიულად განწყობილები, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს. მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ აქციის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება იყო, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსტრემიზმისა და სიძულვილის გამოვლინებას. ისინი მიზანმიმართულად მისდევდნენ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეების გაყვანას ცდილობდნენ. შესაბამისად აშკარაა, რომ პარალელური აქცია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან. უფრო მეტიც, პარალელური აქციის მონაწილეები აშკარა აგრესიით გამოირჩეოდნენ ინციდენტის ადგილზე საგანგებოდ მისული სახალხო დამცველის მიმართ და რომ არა სამართალდამცავების სათანადო ძალისხმევა მის უსაფრთხოებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა. ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აქციის წარმომადგენლები დაშლას არ აპირებენ.

საქართველოს კანონის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, როდესაც ადგილი აქვს ძალადობის პროპაგანდას ან ხდება კანონის მოთხოვნათა მასიურად დარღვევა შეკრება და მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა სასწრაფოდ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და დააყენოს აქციის ორგანიზატორების და იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58