საია საქართველოს პრეზიდენტს, მისი გამონათქვამების გამო, სასამართლოში უჩივის

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 15:28

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტს, მისი გამონათქვამების გამო, სასამართლოში უჩივლებს. როგორც საიაში აცხადებენ, უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტმა უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია და ზ. ვაზაგაშვილის მშობლების მომართვის საფუძველზე, სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე.

„ჯეონიუსი“ გთავაზობთ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებას:

„გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას. კერძოდ, მედია საშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი აცხადებს შემდეგს: „ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო - ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ინტერვიუში სტუდენტი აცხადებს, რომ მან დარბაზი დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა „ის ახალგაზრდები, რომლებიც შეიწირა რეჟიმმა კვლავ მოიხსენია მკვლელებად, კერძოდ-ვაზაგაშვილი, აფრასიძეები“.

ზემოაღნიშნულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი ცალსახად, მტკიცებით ფორმაში, ამბობს, რომ „ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ამ ფრაზის თქმით იგი ზ.ვაზაგაშვილს აბრალებს დანაშაულის ჩადენას. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს.

საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ის გარემოება ჩაიდინა თუ არა რომელიმე პირმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე სახის დანაშაული, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. პრეზიდენტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ „ვაზაგაშვილს 2 ავტომატი ჰქონდა და მიდიოდა სხვების დასახოცად“, გამოძიებით მიერ დადგენილ ფაქტებს არ ეფუძნება.

ასევე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ტიპის გამონათქვამები აღნიშნული საქმის გამომძიებლების მიერ შესაძლებელია გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქმებოდეს.

უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა თუ რა სიმძიმის მორალურ ზიანს მიაყენებდა მისი ზემოაღნიშნული გამონათქვამები გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59