ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 21:48

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 16:17 განხორციელდა დღემდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა ავღანეთში ნატო-ს ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე.

თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა 42-ე ბატალიონის ბაზაზე.

ინფორმაციის მიღებისთანავე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას მიეცა დავალება, ბოლომდე დააზუსტონ შემოტევის დეტალები. უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. თავდაცვის მინისტრი ასევე ესაუბრა 42-ე ბატალიონის მეთაურს მაიორ კალანდაძეს. მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი: ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით.

თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.

მომხდართან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა: „დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. მინდა მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს დიდი ტრაგედია. ჩვენ ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით, ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე.

ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები. ყველა დაჭრილის ოჯახის წევრი ინდივიდულურად არის ინფორმირებული. საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახების გვერდით დგას და განიცდის ამ მოუშუშებელ ტკივილს. კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა, სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ აგვაცილა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია.“

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თავდაცვის სამინისტრო საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს: 2 91 04 21; 2 72 35 35 (შიდა ნომერი 2325).

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58