მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას პრესკონფერენცია მიეძღვნება

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 18:48

რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ 2 ივნისს დაგეგმილ აქციას, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გაიმართება, 15 მაისს, 14:00 საათზე, ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენცია მიეძღვნება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია - მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ამასთანავე მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს ჩარევა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში და გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა შეიძლება შეფარდებული იქნას მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო.

„დღეისთვის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე ვადით, მოხმარება კი ფულადი ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით. მაშინ, როდესაც იმავე სისხლის სამართლის კოდექსით გაუპატიურება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ვადით, ძარცვა - თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა - თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე, ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება - თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე, ხოლო შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად - თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.

მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე განცხადებით, მიესალმებიან იმ პოზიტიურ სიგნალებს, რომლებიც მოდის ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იმედს გამოთქვამენ, რომ აღარ მოხდება მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6