მსოფლიო ბანკმა მიწის მართვის გაუმჯობესების და შეფასების სისტემის მონიტორინგის შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 18:07

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა. კვლევა „მიწის მართვის შეფასების სისტემა საქართველოში“ ითვალისწინებდა ქვეყნის მასშტაბით  მიწის მართვის გაუმჯობესების და მის შეფასების სისტემის მონიტორინგს.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ეკა კერესელიძე, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის ექსპერტები.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა „მიწის მართვის შეფასების სისტემა“, მიზნად ისახავს მიწის მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლას და შეფასებას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას,რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მიწის რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის ღონისძიებების დაგეგმვა და საქმიანობის მონიტორინგი.

 კვლევა ხუთი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობდა: 1.სახელმწიფო მიწის მართვა, 2.მიწის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა, 3.სამართლებრივი და ინსტიტუციური მიდგომა,  4.მიწათსარგებლობის დაგეგმვა, 5.დავების განხილვა და მართვა.

 გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა სატყეო მეურნეობასთან, მსხვილმასშტაბიანი მიწების შესყიდვებთან, მიწათმფლობელობის საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„კვლევა პრაქტიკულად მოიცავდა მიწის და უძრავი ქონების ყველა ასპექტს. ეს არის ურბანული მიწების, სასოფლო მიწების პოლიტიკა, ინსტიტუციური და იურიდიული მანდატი, დავების მოგვარება და ა.შ. შესაბამისად კვლევის განხორციელეის პროცესში გამოიკვეთა ბევრი მიმართულება, რომელშიც საქართველო საკმაოდ წარმატებულია, ასევე ბევრი ის მიმართულება, რაც საჭიროებს დამუშავებას და გაუმჯობესებას“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა და პროექტის კოორდინატორმა დავით ეგიაშვილმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ეკა კერესელიძე განმარტებით, აღნიშნული კვლევა შეეხება იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოშია მიწის ადმინისტრირების კუთხით. ამ ეტაპზე საჯარო რეესტრში მიმდინარეობს რეფორმების შემდეგი ეტაპი და შესაბამისად, რეფორმების განხორციელების პროცესში სააგენტო მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ არის წარმოდგენილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61