საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა

, 12 მაისი, 2013 - 18:01

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებზე გუშინ ერთ-ერთ კაფეში მომხდარი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს კანონდამრღვევთა ჯგუფი, რომელსაც დაუსჯელობის სინდრომი აქვს.

„თავისთავად, დეპუტატებზე თავდასხმა სრულიად არაცივილიზებული ქმედებაა.მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში და ამ ფორმით. ვიმედოვნებ, რომ პოლიცია აუცილებლად გაარკვევს რა მოხდა კონკრეტულად. თუმცა რეალურად მოხდა ის, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ქუჩებში - არის კანონმდარღვევი, თავგასული ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელსაც დაუსჯელობის სინდრომი აქვს... ის კრიმინალი, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილი დაასისხლიანა, ფოთში სამი ათას ლარიან თანამდებობაზე დაუნიშნავთ. ე.ი. საქართველოში დღეს კარიერა რომ გააკეთო, ამისთვის საკმარისია, ციხეში მოხვდე, მერე იქიდან ამნისტიით გამოგიშვან, შემდეგ, სასურველია, მთავრობისთვის რომელიმე არასასურველ პოლიტიკოსს დაესხა თავს, კარგად ცემო და პერსპექტივაც გაგეხსნება. ყოველივე ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ მსგავსი რამ ისევ ჩაიდინეს? ერთ დეპუტატს გაუტეხეს თავი, მეორეს ცხვირი, ხოლო მესამე პოლიტიკოსს ხელი მოტეხეს. ალბათ, ამ კრიმინალებს ახლა თანამდებობის მიღების სტიმულიც აქვთ და დაპირებაც. ამ შემთხვევაში საქმე ჩვეულებრივ კრიმინალთან არ გვაქვს - თუკი ის, ვინც ჩიორა თაქთაქიშვილი დააზიანა, დღეს თანამდებობაზე ზის, ამით მსგავი ქმედების ჩამდენს, ფაქტობრივად, მწვანე შუქს უნთებ. მინდა მოვუწოდო სამართალდამცველებს, გამოიძიონ ეს საქმე და იმედია გამოიძიებენ კიდეც, მაგრამ, ჯერჯერობით, დასჯილი არავინ გვინახავს. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი - საზოგადოებრივი წესრიგი თუ არ დავიცავით, ეს კრიმინალები ჯერ პოლიტიკური ნიშნით, ხოლო შემდეგ არაპოლიტიკური ნიშნით წამოასხდებიან ქვეყანას თავზე. დღეს რომელიღაც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე გუშინ იქ არ ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ჩხუბის დროს არ ვყოფილვარ - სამსახურში ვიყავი, მაგრამ ეს კაფე ცოტა ხნით ადრე დავტოვე. მინდა ვთქვა, რომ სხვებისგან განსხვავებით, შუშის კოლბაში არ ვარ გამოკეტილი და ხშირად დავდივარ სხვადასხვა ადგილზე, ურთიერთობა მაქვს ხალხთან, ვიწვევ სტუმრებს და ა.შ. მინდა ყველა ჩემს კოლეგასაც მოვუწოდო: იარეთ ყველგან და არ შეგეშინდეთ ამ თავზე ხელაღებული ელემენტების, რადგან მათი მიზანი სხვების შეშინება და პროვოკაციის მოწყობაა. ამის საშუალება მათ და მათ უკან მდგომებს, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58