ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 10:45

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა პგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სარჩელი, მოპასუხე N9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ.

 მხარეთა შორის დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება წარმოადგენდა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით განმარტა, რომ 2013 წლის 27 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პერიოდში, N9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ საუბნო-საარჩევნო კომისიებში, წარდგენილ იქნა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებული 41 საჩივარი, რომელთა განხილვაზეც პ/გ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეთქვა უარი. მოსარჩელის განცხადებით, საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები არ იყო დასაბუთებული და მოტივირებული, რის გამოც სასარჩელო განცახდებით მათი ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოპასუხე N9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ სადავო განკარგულებები გამოიცა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლომ შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მასალები და დაადგინა, რომ გასაჩივრებული 41 განკარგულებიდან, პგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უშუალოდ 13 საჩივარზე იყო უფლებამოსილი პირი, რათა ედავა სასამართლო წესით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არსებითად იმსჯელა 13 განკარგულებაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან განკარგულებათა მომზადებისა და გამოცემის დროს, ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ არსებით დარღვევას, რაც გახდებოდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება, სადავო 28 განკარგულებას, სასამართლომ დაუშვებლობის გამო, ისინი არსებითად არ განიხილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი დღის ვადაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58