არასამთავრობოები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროექტზე პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევაზე უარის თქმას მიესალმებიან

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 13:12

არასამთავრობო ორგანიზაციები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროექტზე პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან,  -ასე გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი პარლამენტის მხრიდან ნაფიც მსაჯულთა პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არდაძლევის გადაწყვეტილებას.

”საქართველოს პარლამენტის მიერ მოქმედი ნორმის შენარჩუნება ცალსახად დადებით შეფასებას იმსახურებს. განცხადების ავტორი ორგანიზაციები მივესალმებით საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს და უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიის შენარჩუნებას”, - აცხადებენ არასამთავრობოები. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი განცხადებას ავრცელებენ:

”საქართველოს პარლამენტმა პირველ მაისს კიდევ ერთხელ იმსჯელა კანონპროექტზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმას შეეხება და ამ შესაძლებლობას მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ დაუბრუნდა. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გააჩნდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს არ გაეზიარებინა ინიცირებული ცვლილება და შეენარჩუნებინა ბრალდებულის უფლება მოტივირებული შუამდგომლობით უარი ეთქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.

პირველ მაისს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა განსახილველად კანონპროექტს. საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა არც პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და არც ინიცირებულ კანონპროექტს, რის შედეგადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ნორმა დარჩა ძალაში.

მოქმედი ნორმა ბრალდებულს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე. ბრალდებულს ასევე უნარჩუნდება უფლება დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე", - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61