უფლებადამცველთა გაერთიანება დეპუტატის მინისტრად განმწესების შემთხვევაში, სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 11:45

დეპუტატის მინისტრად განმწესების შემთხვევაში, მისი სადეპუტატო მანდატის მოქმედება უნდა ჩერდებოდეს და არა წყდებოდეს, ხოლო მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტის წევრის ადგილზე დაბრუნება უნდა შეეძლოს, - ამ ინიციატივით გამოვიდნენ დღეს "კავკასიის სახლში" გამართულ პრეზენტაციაზე "უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და ექსპერტი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ვასილ გონაშვილი.

მათი განცხადებით, ამ შემთხვევაში ქვეყანა თავიდან იცილებს ხელახალ არჩევნებს და დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს.

ნიკოლოზ მჟავანაძე და ვასილ გონაშვილმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ პარლამენტის წევრის მიერ მინისტრის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, მას შეუჩერდება პარლამენტის წევრის მანდატი და მისი სურვილით აღუდგება იმავე მოწვევის პარლამენტის წევრის მანდატი, როგორც კი დატოვებს მინისტრის თანამდებობას და მანდატის აღდგენის შესახებ 1 კვირის ვადაში მიმართავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებას ასრულებს საპარლამენტო სიაში მომდევნო კანდიდატი. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და პარლამენტის წევრად დაბრუნების შემთხვევაში უფლებამონაცვლის მანდატი წყდება.

მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის მიერ მინისტრის თანამდებობის დაკავებისას კი დეპუტატის ადგილი ვაკანტური რჩება და არ აირჩევა მისი უფლებამონაცვლე.

 უფლებადამცველთა გაერთიანება კანონპროექტს გადაუგზავნის პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს და ექსპერტებს, რათა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს ზემოაღნიშნული მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58