სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 19:39

რუსთავის სასჯელაღსრულების #16 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენის მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ.

დაწესებულების ყოფილ  თანამშრომელთა  განცხადებით,  გათავისუფლების შესახებ ხელმძღვანელობას არ გაუფრთხილებია და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერიდან შეიტყვეს.

ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ საპატიმროს ტერიტორიაზე თვითნებურად შესვლა და საპატიმროში არსებული აკრძალული ნივთების განადგურების ბრალდება, რომელიც  სამსახურიდან მათი დათხოვნის მიზეზი გახდა,  სიმართლეს არ შეესაბამება. #16 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები ადვოკატთან ერთად დღეს ვითარებაში გარკვევის მიზნით ტელეკომპანია "მაესტროს" ოფისთან შეიკრიბნენ.

როგორც გათავისუფლებულ თანამშრომელთა ადვოკატმა "ჯეონიუსს" განუცხადა, 26 აპრილს სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან 13 თანამშრომელი უსაფუძვლოდ იქნა დათხოვილი, ოფიციალური დასკვნა კი, რის საფუძველზეც ისინი სამსახურიდან გაათავისულეს, მათთვის ამ დრომდე უცნობია. მისივე თქმით, ოფიციალური დასკვნის მიღების შემდეგ, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ.

შეგახსენებთ, 26 აპრილს სასჯელაღსრულების №16-ე დაწესებულებიდან 13 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო ორს საყვედური გამოეცხადა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სამინისტროს პრესსპიკერის ირაკლი კორძაიას განცხადებით, თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზი დირექტორის დაუმორჩილებლობა და თვითნებობა გახდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58