მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია - მამუკა ბახტაძე

ორშაბათი, 02 ივლისი, 2018 - 21:31

ჩვენ შევასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ჩვენი მეწარმეები ელოდნენ და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც უნიკალური საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი, უნიკალური საგადასახადო რეჟიმის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ.

მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს ეხება, მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„როგორც დაგპირდით, საქართველოს ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე და აღმოფხვრაზე - ეს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საქართველოში დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად სამწუხაროდ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისათვის, ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურებისა და პროდუქციის გაყიდვის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმები ხშირად აიძულებდა მცირე მეწარმეებს ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას.

დღეიდან საქართველოში ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი. ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ უამრავ ადამიანზე. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და შედეგად, პარლამენტმა დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეიდან უკვე ამოქმედებულია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ სრულიად უნიკალურ საგადასახადო რეჟიმზე, რომელსაც მთავრობა მცირე მეწარმეებს სთავაზობს.

„მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება არაუმეტეს 500 000 ლარისა, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარამდე ზღვარისა; მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-დან 1%-მდე მცირდება; მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნებულია უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. გადასახადის გადახდა და დეკლარირება ხდება ყოველთვიურად და არა ე.წ საავანსო გადასახადის სახით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჩვენი მეწარმეებისთვის, ვინაიდან მათ უწევდათ გადასახადის გადახდა წინასწარ რეჟიმში; მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ის გადამხდელებად", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მცირე მეწარმის სტატუსს დაკარგავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა შეძლებს, ისარგებლოს მცირე მეწარმის სტატუსით, მიუხედავად იმისა, ის იხდის დღგ-ს თუ არა.

„ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შევამციროთ საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენს მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებს, რომელთათვის ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათი უმნიშვნელოვანესია, რომ მათ განაგრძონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც სახელმწიფოსგან, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტისგან. ახალი საგადასახადო რეჟიმი უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს, უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მე პირადად წლის დასაწყისიდან მქონდა არაერთი შეხვედრა საქართველოს რეგიონებში ჩვენს მცირე მეწარმეებთან და მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ ნაკარნახევია მათი ინიციატივით. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეწარმეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული რეფორმის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლაც პირადად ვუთხრა მათ, რომ ჩვენ შევასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ისინი ელოდნენ და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც უნიკალური საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღეიდან მცირე და საშუალო მეწარმეების მხრიდან შესაბამისი აქტიურობა იქნება.

„ფინანსთა სამინისტროს სისტემა მზადაა თითოეულ მცირე მეწარმეს გაუწიოს შესაბამისი დახმარება. რეგისტრაციის პროცესი არის ძალიან მარტივი და არაა დაკავშირებული არანაირ ბიუროკრატიასთან. ამასთან ერთად, უმოკლეს ვადებში, ბანკებს, ისევე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, თვითონ გაუწიონ აღნიშნული სერვისი თავიანთ კლიენტებს, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მცირე მეწარმეთა დარეგისტრირების პროცესს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ეს, შეიძლება ითქვას, რევოლუციური საგადასახადო რეჟიმი ჩვენ მიერ ინიცირებულ სხვა რეფორმებთან ერთად, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ ჩვენი პრიორიტეტია მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაიზარდოს ჩვენს ეკონომიკაში და სწორედ ეს რეფორმა, იმ სხვა რეფორმებთან ერთად, რომლებსაც უმოკლეს ვადაში განვახორციელებთ, გახდება იმის წინაპირობა, რომ საქართველოს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე მეწარმეობის წილი, შესაბამისად მივიღოთ ინკლუზიური ზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია - შემცირებული სიღარიბე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44