საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის წილის, უსამართლო გზებით მიტაცებას - myvideo-ს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 02 ივლისი, 2018 - 18:34

myvideo-ს ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"როგორც ვიცით, სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება, სრულიად უსამართლოდ სატელევიზიო რეკლამის ბაზრის წილი მიიტაცა, რის შედეგადაც დააზარალა ყველა კომერციული ტელევიზია, მათ შორის მცირე და რეგიონალური ტელევიზიები, რომლებიც ფაქტობრივად, დასახურად გაწირა. დღეს, დავდექით ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის წილის, უსამართლო გზებით მიტაცებას. 

საზოგადოებრივ მაუწყებელს, კანონით რეკლამის გაყიდვის უფლება აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა არ უნდა, ან არ შეუძლია. მიზნის მისაღწევად, მათ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროვება განიზრახეს, რაშიც მათ აქტიურად ეხმარება, კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

უფრო კონკრეტულად: 2018 წლის, 1 ივნისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გამოაგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება, ანუ მარტივი ენით: მხოლოდ მაივიდეოზე არ ვაჩვენოთ ფეხბურთი ჩვენს მომხმარებელს. მოგახსენებთ, რომ ამ აბსურდული მოთხოვნის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სრულად. რაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ არ მოუთხოვია (სრულ გათიშვაზეა საუბარი).

ჩვენი პოზიცია არის მარტივი და გასაგები. კანონით myvideo, არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, როგორიც არის მაგთი TV, სილკ TV და ასობით სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია. არცერთ მაუწყებელს, მითუმეტეს საზოგადოებრივს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება და რომლის პირდაპირი მოვალეობაა მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონის მიხედვით არ აქვს უფლება მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება, რომელიმე ცალკეული ტრანზიტორისათვის. ზუსტად აქედან გამომდინარეობს მათი მოთხოვნის დისკრიმინაციულობა.

myvideo არის ერთადერთი ქართული სოცილური მედია პროექტი, რომელსაც ჰყავს ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არ დავტოვებთ მილიონობით მაყურებელს ფეხბურთის გარეშე!", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55