ზვიად ფხაკაძემ დროებით საგამოძიებო კომისიას განუცხადა, რომ ზაზა სარალიძისგან მუქარის შემცველი ტექსტები მიიღო

სამშაბათი, 26 ივნისი, 2018 - 22:09

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური ახსნა-განმარტებების მოსმენა დაასრულა.

თბილისის პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსმა, კახაბერ სირაძემ კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს.

სხდომის დასაწყისში, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შევიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა მის საპროკურორო საქმიანობას და კავშირში იყო მის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების შინაარსთან. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, მან მომხდარის შესახებ მოხსენებითი ბარათით შესაბამის კომპეტენტურ პირს მიმართა და მოხდება სათანადო რეაგირება.

ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, რომ თუ კომისიის წევრები დაინტერესდებიან, შეუძლია აღნიშნული ტექსტები მათ დახურულ სხდომაზე გააცნოს. მისივე თქმით, მუქარის შემცველი ტექსტები ზაზა სარალიძისგან მიიღო.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიამ ცნობად მიიღო ზვიად ფხაკაძის განცხადება.

პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების მიერ დასმული კითხები შეეხებოდა: მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გამოძიების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და ამ პროცესში შესაძლო ხელშემშლელ ფაქტებს, მოწმეების მიერ ჩვენებების მიცემას, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილეთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას, გამოძიების დროს განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს.

ზვიად ფხაკაძისა და კახაბერ სირაძის მიერ ოფიციალური ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ არასრულწლოვანთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით იმსჯელა. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას შაბათის სხდომაზე მიიღებს.

ხუთშაბათს და პარასკევს დროებითი საგამოძიებო კომისიის სამკაციანი ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მყოფი სრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვას ჩაატარებენ. შაბათს, 30 ივნისს, 10:00 საათზე, კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდებიან, სადაც მოხდება მოსაზრებების გაცვლა კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში კი, გაიმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. კომისიის წევრები იმსჯელებენ კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის მიერ მომზადებულ ორ რეკომენდაციაზე, რის შემდეგაც მოისმენენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის უშუალო გამომძიებლის ოფიციალურ ახსნა-განმარტებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54