ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა ევროპარლამენტში გაიმართება

, 24 ივნისი, 2018 - 13:41

25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანაავტორობით შემუშავებულია რეზოლუციის პროექტი თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“.

გარდა ამისა, წელს ასამბლეამ მოამზადა რეზოლუციის პროექტები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში. რეზოლუციებს პარლამენტარები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისაგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება.

ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში.

ასამბლეა იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ევროკავშირის ინსიტუტების და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებების საყურადღებოდ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52