იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილა

პარასკევი, 22 ივნისი, 2018 - 11:24

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრმა ნინო გოგუაძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღება გამოწვეულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ საკითხების ნაწილზე მომზადდებოდა შესაბამისი ცვლილებები.

„კანონპროექტი ძირითადად დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დაზუსტებასთან. ნაწილობრივ ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია, თუმცა შეიცავს შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებსაც“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად:

საქართველოს საარჩევნო კოდექსის ტერმინთა განმარტებებს ემატება ,,არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების“ ცნება. პროექტის თანახმად, არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობა დადგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;

ზუსტდება ჩასატარებელი არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საარჩევნო ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები და იგი აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

აიკრძალება ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით;

პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ცესკოს/საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად 4 წლის განმავლობაში, ნაცვლად 8 წლისა;

ცესკოს ენიჭება უფლებამოსილება, დადგენილებით განსაზღვროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები; დაუშვებელია ცესკოს აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. იმ საშტატო ნუსხას, რომელზეც ეს მოთხოვნები არ ვრცელდება ცალკე ადგენს ცესკო;

განისაზღვრება შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების მიერ პირის საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას, საბუთებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურები და ვადები;

მოქმედი კანონმდებლობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა აკრძალულია კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე. პროექტით შემოთავაზებულია კომისიის წევრის გამოწვევა აიკრძალოს არა მარტო კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე, არამედ თვით კენჭისყრის დღესა და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს;

შემოთავაზებული ცვლილებით, ამომრჩეველთა სიის/მონაცემების გადამოწმების/ცვლილების შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი საჭიროების არსებობისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად,

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიას;

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 18 წელი იქნება;

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციისათვის წესდების/სადამფუძნებლო დოკუმენტის ნაცვლად მოხდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა, ხოლო ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით;

საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის წარდგენის ვალდებულება დაეკისრებათ, ასევე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს, გარდა უცხო ქვეყნის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი. გარდა ამისა, შემცირდება აკრედიტაციისათვის განცხადების წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღით, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, აკრედიტაციის საკითხს გადაწყვეტს განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ნაცვლად 1 დღისა;

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვის ნებისმიერ კვირა დღეს; პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის დადასტურების მიზნით, მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას დაადგენს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დანიშვნის დღეს, იმ დროისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში (არანაკლებ 25000 ამომრჩეველი).

„მას შემდგომ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინადადებით მოგვმართა, რომ აღნიშნული ცვლილებები მიგვეღო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ბუნებრივია, ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ დაინტერესებულ პირებთან - ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუდმივად არიან არჩვენების დაკვირვების პროცესში ჩართული და მნიშვნელოვანია, რომ ძირითადა ცვლილებები მათი მხრიდან გაზიარებულია და მოწონებული“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

„იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, განსხვავებულად არის წარმოდგენილი რიგი საკითხები, დღეს წარმოდგენილ ცვლილებებში ეს საკითხები ავსახეთ“, -განაცხადა ნათია მიქელაძემ.

კანონპროექტის თანახმად: საქართველოს მთავრობა გარდა ანგარიშვალდებულებისა, ასევე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე; კონსტიტუციის ახალი რედაქციის მოთხოვნიდან გამომდინარე დაკონკრეტდა, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად. ასევე გაკეთდა მითითება, რომ მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა;

მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ნაწილში ჩამოთვლილ უწყებებს ასევე ემატება სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. გარდა აღნიშნულისა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიისა და რიგგარეშე სხდომას მოიწვევს ასევე საქართველოს მთავრობის მოთხოვნით და არა მთავრობის წარდგინებით, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია.

ამასთან, ტერმინოლოგიურად კონკრეტდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრობის კანდიდატების წარდგენის საკითხი. შემოდის კონსტიტუციის ახალი რედქციით შემოღებული: მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ, მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ, მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის ძალების რაოდენობა.

შესაბამის პუნქტებში ტერმინი „სამხედრო ძალები“, ტექნიკურად შეიცვალა და მიეთითა „თავდაცვის ძალები“, ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა“ და ტერმინი სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53