საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ძველ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

ოთხშაბათი, 20 ივნისი, 2018 - 23:01

 საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ნდობა 99 ხმით გამოუცხადა. კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრის პროცედურამდე, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარმოადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები, ძირითადად, ეკონომიკურ მდგომარეობას, საგადასახადო ამნისტიას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, განათლების სისტემას, მუნიციპალური განვითარების პროექტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს, სიღარიბის დაძლევას, მიგრაციას, შეიარაღების გაძლიერების თვალსაზრისით დაგეგმილ ნაბიჯებს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, გარემოს დაცვას, მიწის რეფორმას და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.

დღგ-ს დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიხედვით, 2018-2020 წლებში მეწარმეებს მილიარდნახევარ ლარზე მეტი დაუბრუნდებათ. მისივე განმარტებით, ბიზნესმა უნდა იგრძნოს, რომ დღგ არ შეიძლება იყოს ტვირთი მეწარმისთვის. კითხვაზე პასუხად, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან 7000-ზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა 25 000-ს გადააჭარბებს. მისივე თქმით, მთავრობის სტრატეგიაში რეგიონალურ პოლიტიკას ძალიან მნისვნელოვანი როლი აქვს.

„დეცენტრალიზაცია უნდა იყოს არა მხოლოდ სტრუქტურული, არმედ უნდა აისახოს ფულადი სახსრების მოძრაობაზეც. ჩვენი გეგმაა, რომ მეტი ფინანსური რესურსი ჰქონდეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ განკარგონ და უფრო მეტი სერვისი სესთავაზონ ჩვენს მოქალაქეებს. გასაზრდელია სოციალური პროგრამები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის პროგრამები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარება მედიკამენტების ყიდვის ხარჯებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების საკითხზე, რომელიც მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტია. სიღარიბის დაძლევას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს არის კომპლექსური ამოცანა, რომლის წარმატებით გადაწყვეტას მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა წარმოადგენს.

„ეს არის სწორი გზა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, იგეგმება უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა. აღნიშნულ ინიციატივას მთავრობა პარლამენტში უახლოეს მომავალში წარმოადგენს. განათლების სისტემასთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძეს მიაჩნია, რომ საჭიროა განათლების სექტორის მინიმუმ 10%-იანი როლი მთლიან შიდა პროდუქტში.

„ამას უნდა მივაღწიოთ მნიშვნელოვნად გაზრდილი ინვესტიციებით“, -აღნიშნა კანდიდატმა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს სკოლამდელი განათლების ნაწილის ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ჯაჭვში, რათა განათლების სისტემა გახდეს კონკურენტუნარიანი.

„განათლება უნდა გახდეს დომინანტი სექტორი ეკონომიკაში. ის არ უნდა იყოს მხოლოდ სოციალური პოლიტიკის ნაწილი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიასპორასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ქართული ენის შესწავლის საკითხი. ამ კუთხით, ონლაინ გაკვეთილების ჩატარების საკითხი ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც მე პირადად აქტიურად ვიმუშავებ.“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვნად მარტივდება მოქალაქეობის მიღების პროცედურები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობას ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის მექანიზმების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ამ პორტფელში ქალი მეწარმეებისა და დიასპორის წარმომადგნელებისთვის შესაძლებლობების შექმნას, რომ მათ განავითარონ ბიზნესი საქართველოში“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვები დაისვა ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებაც. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტის დაიხვეწის თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება. მისივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეს. გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე. საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიან მეთოდებს.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, პარლამენტის წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52