მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახეებიც იქნებიან - ახალი შემადგენლობა მომდევნო კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება

შაბათი, 16 ივნისი, 2018 - 14:22

ორშაბათს ბიუროს სხდომაზე უკვე დავამტკიცებთ მთავრობის განხილვის გრაფიკს. მთავარია, მანამდე, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინოს მთავრობის შემადგენლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შემადგენლობის შერჩევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის პრეროგატივაა და ამასთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დასრულდება.

„ბატონი მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს-ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს, ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი.შვიდდღიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის დასახელებისთვის, თუმცა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში უკვე ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობაში იქნება ცვლილებები, თუმცა, ამ ცვლილებების მასშტაბი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ, მთავრობის შემადგენლობის დასახელების შემდეგ გამოჩნდება.

„ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან, სულ მცირე, არის დასასახელებელი ახალი კანდიდატი ფინანსთა სამინისტროსთვის. იქნებიან, ასევე, სხვა კანდიდატები, ახალი კანდიდატები. ცვლილებები აუცილებლად იქნება მთავრობის შემადგენლობაში - ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია. თუმცა, რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ ჩვენ როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ ოპოზიციის შეფასებებსაც. მისი თქმით, მამუკა ბახტაძე თანამდებობისთვის ღირსეული კანდიდატია.

„ბუნებრივია, ოპონენტები ამას იტყვიან, ეს არის მათი საქმე, თუმცა, ბატონი მამუკა შეირჩა სწორედ იმ პრინციპის და იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომ მას აქვს ღრმა განათლება, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მართვის მიმართულებით, მათ შორის, საჯარო სფეროში. ის იყო ძალიან კარგი, ღირსეული კანდიდატი ამ პოზიციისთვის და ზუსტად ამ კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო ჩვენმა გუნდმა შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საჭიროა პოლიტიკის განახლება სხვადასხვა მიმართულებით და მმართველი გუნდი ახალ ინიციატივებს ელოდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა სამთავრობო პოლიტიკას ახალ ენერგიას შესძენს და პოლიტიკის სწორი მიმართულებით განახლებას უზრუნველყოფს.

„სხვადასხვა მიმართულებით არის საჭირო პოლიტიკის განახლება, ჩვენ ველოდებით ახალ ინიციატივებს, ბატონი მამუკა გამოირჩევა იმით, რომ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივები. ამ ინიციატივებს მხარი დაუჭირა თავის დროზე პარლამენტმა და ჩვენ ვხედავთ უკვე ხელშესახებ შედეგებს ამ ინიციატივებიდან გამომდინარე. ახლა მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. მე არ დავასწრებ, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. მან თავად უნდა წარმოადგინოს ინიციატივები, ჩვენ გვექნება სერიოზული მსჯელობა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკის განახლებას სწორი მიმართულებით და ახალ ენერგიას შესძენს ჩვენს სამთავრობო პოლიტიკას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52