მთავარი პროკურორობის პოსტზე ამ დროისთვის ოთხი კანდიდატია წარდგენილი

ოთხშაბათი, 13 ივნისი, 2018 - 12:07

მთავარი პროკურორობის პოსტზე ამ დროისთვის ოთხი კანდიდატია წარდგენილი - პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, და ნანა რევაზიშვილი.

კანდიდატების შესახებ მონაცემები ატვირთულია საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge

პაატა შავაძე წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ.

ზურაბ ჯორბენაძის კანდიდატურა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ“ წარადგინა.

გია ბერძენიძის კანდიდატურა წარდგენილია 29 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ.

ნანა რევაზიშვილი მთავარი პროკურორობის კანდიდატად „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა“, „საქართველოს იურისტთა გილდიამ“, „საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციამ“ და აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ყველა კანდიდატურის წარდგინება და მონაცემები აიტვირთება. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://pc.gov.ge/block/Index/468.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51