ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმის მოსყიდვაში ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს პატიმრობა შეეფარდა

ორშაბათი, 11 ივნისი, 2018 - 15:24

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს პატიმრობა შეეფარდა.

"მოწმის მოსყიდვის ბრალდების საქმეზე მ. მ.-ს პატიმრობა შეეფარდა 2018 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის მოსყიდვის ბრალდების საქმეზე მ. მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. მ. მ.-ს ბრალად ედება მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთ მოწმესთან სახლში მივიდა, გაეცნო როგორც ნათესავი და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს მამის მეგობარი. მ.მ მას გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით და პერიოდულად თანხის გადაცემის მიზნით უკავშირდებოდა მოწმეს. მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებული მ.მ კვლავ ეწვია მოწმეს სახლში და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლა შესთავაზა(ურჩია).

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩადენილი ქმედების სპეციფიკა, მიზანი, ის გარემოება, რომ სავარაუდო დანაშაული მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო წესის წინააღდეგ, რაც ბრალდებულისა და საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმეების ურთიერთობის, ასევე ბრალდებულის სავარაუდო ქმედებების გათვალისწინებით, ქმნის მაღალ რისკებს ანალოგიური მეთოდებით დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებთან მიმართებაში", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს 12 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52