ქართული მხარე ვალდებულია, ტატუნაშვილის საქმეზე წარადგინოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ - ვახტანგ მაისაია

ოთხშაბათი, 06 ივნისი, 2018 - 15:39

 პოლიტოლოგმა და პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საოკუპაციო ზოლთან არსებული მდგომარეობა მიმოიხილა:

“ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ პირებს, ვინც პირველად, ვითომდა უკანონოდ, გადალახავენ საოკუპაციო ზოლს, მხოლოდ ადმინისტრაციული წესებით აჯარიმებენ, მეორედ გადალახვაზე არის უფრო მკაცრი სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს გარკვეული პერიოდი საპყრობილეში ყოფნას, ხოლო მესამედ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. როგორც ჩანს, დვანი-მეგუთის მონაკვეთიდან გატაცებული დირბის წმინდა გიორგის მამათა მონასტერის წინამძღვრის, მამა იოანეს შემთხვევაში, ეს პირველი გადაკვეთა იყო და დღეს იგი უკვე შინ იმყოფება. მთავარი მომენტი ის გახლავთ, რომ მცოცავი ოკუპაციის ელემენტები კვლავ გრძელდება, მცოცავი ოკუპაცია მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ გადმოდიან და ჩვენს ტერიტორიას იკავებენ, ისინი იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს და ბოლო პერიოდში ეს ფაქტები ძალიან გახშირდა.

მოგეხსენებათ, სოფელ წითელუბნიდან გაიტაცეს მწყემსი, რომლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. არ გამოვრიცხავ, რომ მის მიმართ არის გამოყენებული ე.წ. მეორე პირობითი მსჯავრი და, შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ იგი მოკლე ხანში ოჯახს დაუბრუნდება. ამ და სხვა ბერკეტებს, რუსეთი კვლავაც აქტიურად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის არალეგიტიმურ საპყრობილეს, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სპეციალური დეპარტამენტი აკონტროლებს. ჩვენი მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იქნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 2016 წლის ე.წ. სახელმწიფოთაშორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა ძალოვანი უწყება და შეიარაღებული შენაერთი გადავიდა რუსეთის დაქვემდებარებაში. ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, გვაქვს ისეთივე პროცესი ცხინვალის რეგიონში, როგორიც იყო ყირიმში ანექსიის პერიოდში. ანექსიისათვის ყველაფერი მზადაა, უბრალოდ, მათი ე.წ. კონსტიტუციის მიხედვით, ხელი უნდა მოაწეროს მათმა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა და ანექსიის პროცესი დაიწყება ყოველგვარი გადავადების გარეშე.

ქართული მხარე ვალდებულია, ტატუნაშვილის საქმეზე წარადგინოს სარჩელი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რადგან სწორედ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა ეს მხეცური მკვლელობა, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52