საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის იუბილე ფიცის დადების ცერემონიით დაიწყო

შაბათი, 26 მაისი, 2018 - 17:46

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. მთავარი ღონისძიება - ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ღონისძიება მეგობარი ქვეყნების მედროშეების - აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ლატვია, უკრაინა შემოსვლით გაიხსნა, რომლებიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ.

საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ლიეტუვას შეიარაღებული ძალების ორკესტრმაც მიულოცა. ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ ევროპის კომისიის პრეზიდენტი. ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის დელეგაციები.

ორკესტრების შემოსვლის შემდეგ საწყისი პოზიციები ცერემონიაში მონაწილე საჯარისო ნაწილებმა დაიკავეს. თავისუფლების მოედანზე პირველად გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტთა კოლოფი შემოვიდა. კადეტები საუკუნის წინანდელ ქართული არმიის უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილი, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის თავდაცვის სამინისტრომ აღადგინა. კადეტებს ისტორიული სამხედრო აღჭურვილობაც ამშვენებდათ. სიმბოლური იყო მარშიც, რომლის თანხლებითაც კადეტები თავისუფლების მოედანზე გამოჩნდნენ.

1918-21 წლების საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მარში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა შემონახული ნოტებიდან სპეციალურად საიუბილეო ღონისძიებისთვის აღადგინა. კადეტთა კოლოფის შემდეგ თავისუფლების მოედანზე შემდეგი კოლოფები შემოვიდნენ: ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), აშშ-ის ევროპის სარდლობის 173-ე ბრიგადის ინსტრუქტორები, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა პირადი შემადგენლობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნის სერჟანტები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა პირადი შემადგენლობა.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აკომპანირებით საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა იყო, რომელიც ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შემოიტანეს. წუთიერი დუმილის შემდეგ საქართველოს მასშტაბით რეკრუტთა და წვევამდემლთა ფიცის დადების ცერემონიალი ერთდროულად ექვსი ისტორიული ადგილიდან გაიმართა.

დღეს ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტმა და 123 წვევამდელმა დადო. ფიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ჩაიბარა. თავისუფლების მოედნის პარალელურად რეკრუტთა და წვევმდელთა ფიცის დადება ბათუმში, გელათში - დავით აღმაშენებლის საფლავთან, ვარძიაში, კოჯორში - ქოროღლის ციხესთან და შინდისში მდებარე გმირთა მემორიალთან გაიმართა.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მიულოცეს: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ.

სიტყვით მიმართვების შემდეგ შესრულდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი „დიდება“. ღონისძიება მრავალჟამიერისა და ცეკვა „ჯუთას“ შესრულებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52