როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მას კორუფცია დააბრალეს, როდესაც არ დაუბრალებიათ, ნამდვილად შემაშფოთებელია - ირაკლი კობახიძე

ოთხშაბათი, 23 მაისი, 2018 - 11:28

როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ იმან დამაბრალა მე კორუფცია, როდესაც არ დაუბრალებიათ კორუფცია, ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი და ამაზე არ შეიძლება დადებითი კომენტარების გაკეთება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ იმ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკას ეხებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების სტატისტიკა ცივილიზებული ქვეყნების სტატისტიკას, დაახლოებით, ასჯერ აღემატება. მისი შეფასებით, პრობლემა თვალსაჩინოა.

„მე ვთქვი, რომ როდესაც განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკას ასჯერ აღემატება შენი პრაქტიკა, ანუ პრეზიდენტი იწყალებს, საშუალოდ, დაახლოებით, ასჯერ მეტს, ვიდრე იწყალებენ ამერიკის, ბულგარეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის და სხვა ცივილიზებული ქვეყნების პრეზიდენტები - იქ რომ არის სტატისტიკა ასჯერ ნაკლები, ამას აქვს თავისი ლოგიკა. ცივილიზებულ ქვეყნებში ცივილიზებულად იწყალებენ პრეზიდენტები შესაბამის მსჯავრდებულებს. ჩვენთან არის განსხვავებული პრაქტიკა და ამ პრაქტიკის უკან უნდა იდგეს სხვა ლოგიკა, ანუ იქ არის სწორი ლოგიკა და აქ უნდა იყოს რაღაც პრობლემა და ეს პრობლემა აშკარად არის თვალსაჩინო. და ეს პრობლემა ჩანს იმაშიც, რომ ძალიან დიდია რეციდივის მაჩვენებელი შეწყალების პირობებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაასახელა შეწყალების ასეთი სტატისტიკის სამი თეორიული მიზეზი. ირაკლი კობახიძის თქმით, მას გიორგი მარგველაშვილისთვის კორუფციაში ბრალი არ დაუდია და როდესაც პრეზიდენტი სიტყვებით მანიპულირებს - შემაშფოთებელია.

„მე ვთქვი, რომ როდესაც ასჯერ აღემატება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების სტატისტიკა ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკას, ამას შეიძლება, ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი მიზეზი - ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის შესაძლო კორუფცია და ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. ანუ, სამიდან ერთ-ერთ ალტერნატივაზე იყო საუბარი. ჯერ ერთი, პროკურატურაში მიდიან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კონკრეტული ფაქტი. მე რომ მქონდეს კონკრეტული ფაქტი, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანისგან აიღო ქრთამი, ამ შემთხვევაში, მივდივარ პროკურატურაში. აქ ხომ არ იყო ამაზე საუბარი, აქ იყო საუბარი ლოგიკურ დასკვნაზე, რომ სამიდან ერთ-ერთი მიზეზი ამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, მსაჯი თუ საფეხბურთო მატჩს მსაჯობს ცუდად, მაგალითად, სამი თერთმეტმეტრიანი დანიშნა არასწორად, ამ დროს რას ამბობენ ხოლმე გულშემატკივრები? ამბობენ, რომ ან არ იცის მსაჯობა ან ცუდი მსაჯია - ეს ერთი ვარიანტი, ან მიკერძოებულია ერთ-ერთი გუნდის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ ან მესამე-ფული აქვს აღებული. არცერთი მეოთხე ვარიანტი ამ დროს არ არსებობს, ან ცუდი მსაჯი ხარ, ან მიკერძოებული ხარ, ან ფული გაქვს აღებული. ეს რომ თქვას გულშემატკივარმა, ბუნებრივია, მსაჯმა არ უნდა მოითხოვოს გულშემატკივრის პროკურატურაში წასვლა, იმიტომ, რომ საუბარია ლოგიკურ დასკვნაზე, ეს არის ბრალდება, მაგრამ ეს არის ლოგიკური ბრალდება, რომელიც არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ ბრალი ედება მსაჯს კორუფციაში. იმ დღეს საუბრობდა ბატონი გიორგი მარგველაშვილი იმაზე, რომ თურმე, პარლამენტის თავმჯდომარეს ბრალი დაუდია პრეზიდენტისთვის კორუფციაში. მე დავდე კორუფციაში ბრალი პრეზიდენტს? არა. მე ვთქვი, რომ სამიდან ერთ-ერთი თეორიული ვარიანტი შეიძლება იყოს კორუფცია. ამიტომ როცა ასე მანიპულირებ სიტყვებით, როცა ასე შეცდომაში ცდილობ, შეიყვანო საზოგადოება, ეს შეიძლება, გააკეთოს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსის“, სხვა პარტიის რიგითმა პოლიტიკოსმა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა ეს არ შეიძლება გააკეთოს. ეს არის ამაში შემაშფოთებელი, თორემ პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება სამწუხაროდ, იქაც სამწუხაროა, მაგრამ როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ იმან დამაბრალა მე კორუფცია, როდესაც არ დაუბრალებიათ კორუფცია, ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი და ამაზე არ შეიძლება დადებითი კომენტარების გაკეთება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54