საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდებს

ორშაბათი, 21 მაისი, 2018 - 16:27

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის "რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" შეხვდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებზე და დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებსა და პროფესორებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ჩართვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველმა ერმა ერთად უნდა იფიქროს იმ ასწლეულზე რომელიც გაიარა და ამ ჭრილში იფიქროს, გაიაზროს ხვალინდელი დღეც - რა არის გასაკეთებელი და რის შექმნას ვაპირებთ.

"მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ზეიმი, რომლის დროსაც აღვნიშნავთ ჩვენს დიდებასა და წარმატებას. მნიშვნელოვანია რა გზავნილს გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორებისა და მხარდამჭერებისათვის. ამიტომ საზოგადოების აქტიური მონაწილეობა საჭირო და აუცილებელია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საზეიმო თარიღის აღნიშვნა დღეიდან დაიწყო და მიმდინარე კვირაში აქტიურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

"დღეს, დავაჯილდოვე არჩილ ტატუნაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით. ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ერაყში საქართველოს ინტერესების დაცვის შემდეგ ქმნიდა კონტაქტებს ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის ამყარებდა ურთიერთობას, როგორც რიგითი მოქალაქე, სწორედ ამიტომ ის წამებით მოკლეს. ქართული სახელმწიფო, რომლის შვილებიც ასე გმირულად ემსახურებიან სახელმწიფოს დაუმარცხებელია. ეს ბრძოლა მოგებული გვაქვს, რადგან ამ ბრძოლის აქცენტი გადის ჩვენს რწმენაზე. სწორედ ამ რწმენის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავლებული მავთულხლართები და ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეს და შექმნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს იყო ყველაზე სწორი გზა. მათ ზუსტად დაინახეს, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის წინაპირობაა.

"სწორედ პირველმა რესპუბლიკამ შექმნა პირველი კონსტიტუცია - დახვეწილი, დემოკრატიული, ევროპული, უმაღლესი სტანდარტებით შექმნილი დოკუმენტი. დღეს ვდგავართ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე. დამოუკიდებლობა პირველი ეტაპია. თავისუფლება უფრო მარალი ხარისხის ფენომენია, როცა დამოუკიდებლობამიღწეულ ერს გააზრებული აქვს თავისი მისია, საზოგადოებამ იცის რა უნდა შექმნას, ამ ფიქრსა და გააზრებას უნდა ახლავდეს თან შექმნისა და განხორციელების უნარი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ, რესპუბლიკის 100 წლის პერიოდისა და მომავალი ასწლეულის შესახებ საზოგადოების ფიქრისა და გააზრების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის დაწყებულია სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის ესეების კონკურსი, რომლებშიც უნდა შევეცადოთ შევაჯამოთ როგორ დავინახეთ 100 წლეულის დასასრული და რა გეგმები გვაქვს მომავალ ასწლეულში.

სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ პრეზიდენტის მოსაზრებებით: საქართველო - რუსეთის ურთიერთობების მოგვარებაზე, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებზე, განათლების პოლიტიკაზე, ახალი კონსტიტუციის პრინციპებზე, რომელიც პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას ითვალისწინებს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხებით.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - რუსეთის ურთიერთობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ჰქვია - სწორია, რადგან ახლა რუსეთის ფედერაცია არ არის მზად აღიაროს მეზობლების ინტერესები და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას ამ ურთიერთობების დასარეგულირებლად.

"ამის საბუთი არა არის მარტო 2008, ამის საბუთია 2014 უკრაინა - ისევ აგრესიული ქმედება, ისევ მეზობლის ოკუპაცია. 2014, ისევე როგორც 2008, იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ნათელი გამოვლინება იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რაც განაცხადა პუტინმა 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე, რომ რუსეთის სამეზობლო რუსეთის პრივილეგირებულ ინტერესებს წარმოადგენდა - აი ეს პოლიტიკა გაცხადდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკის რიტორიკა შევნიშნეთ რუსეთისგან - თითქოს ახალი ცივი ომი იწყება. ეს დეკლარაცია განსხვავებულია ვიდრე 2007 წლის მიუნხენის დეკლარაცია. მიუნხენის დეკლარაციით რუსები ამბობდნენ, რომ ამ სამეზობლოში იყვნენ დომინანტები. 2018 წელს გაკეთებული განცხადებები ცივი ომის რიტორიკას ატარებს. ამიტომ რუსეთთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ სტრატეგიული მოთმინება და იმის გააზრება, რომ რთული ფაზა არის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის, ადეკვატური და სწორია. ჩვენ კიდევ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ახალ ფაზაში, რომელშიც შედის რუსეთი და ამას ძალიან ნათლად ვუზიარებ ჩვენს პარტნიორებს. ამიტომ იყო, როდესაც ვაშინგტონში ვიყავი და ძალიან აქტუალურად დავაყენე საქართველოს სტრატეგიული მხარდაჭერის კანონის შექმნა. რადგან, თუ ცივი ომის ეპოქაში შევდივართ, ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი მხარში დგომა და ბევრად მეტი დაცულობის გარანტიები იმ მომენტამდე, სანამ ჩვენ გავხდებით ნატო-ს წევრი ქვეყანა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებაც უპასუხა სტუდენტების კითხვებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება.

"თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამ აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავს სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, ეს აზრი პროგრესულია, თუ რეგრესული. მეორე: ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ. იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო ამ თემებს არ მოხედავს არამხოლოდ ადამიანის უფლებები ზარალდება, არამედ იწყება სახელმწიფოს დასასრული. სახელმწიფო გასაფრთხილებელია და როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, იმ მომენტში მთავრდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, იმ მომენტში სუსტდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, ამიტომ ეს უნდა გვქონდეს ძალიან ზუსტად გააზრებული. ლეგიტიმური ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს. ამ დათქმის ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45