ემიგრაციის მუზეუმში გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის „სამხედრო სკოლის“ პრეზენტაცია გაიმართა

შაბათი, 19 მაისი, 2018 - 19:41

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის წიგნის - „სამხედრო სკოლა“ პრეზენტაცია და სამხედრო თემატიკის გამოფენა გაიმართა.

„სამხედრო სკოლა“ გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის მემუარული ჩანაწერებია, რომელსაც ის ემიგრაციის პერიოდში იუნკერების მიერ გამოცემულ ჟურნალ „მხედარში“ აქვეყნებდა. ჟურნალში დაბეჭდილი მასალები წიგნის სახით გამოსაცემად მოამზადა ისტორიკოსმა ლელა სარალიძემ, ხოლო რედაქტირება თადარიგის პოლკოვნიკმა არჩილ ჩაჩხიანმა გაუწია.

ალექსანდრე ჩხეიძის „სამხედრო სკოლა“ თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოსცა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სიტყვით მიმართა. მან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესზე და ამ პროცესის მონაწილე გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწეების როლზე გაამახვილა ყურადღება.

თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.

ალექსანდრე ჩხეიძის „სამხედრო სკოლა“ მოწვეულ სტუმრებს მუზეუმის ხელმძღვანელმა რუსუდან კობახიძემ და წიგნის რედაქტორმა არჩილ ჩაჩხიანმა წარუდგინეს. ალექსანდრე ჩხეიძე 1919 წელს სამხედრო სკოლის უფროსის - გენერალ გიორგი კვინიტაძის თანაშემწედ დაინიშნა. 1920 წელს კი, გენერალ კვინიტაძის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ, იუნკერთა სკოლას სათავეში პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე ჩაუდგა. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს თებერვალ-მარტის ომის დროს, ქართული სამხედრო სკოლის დანაყოფებმა ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით წითელი არმიის შეტევა მოიგერიეს. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, ალექსანდრე ჩხეიძე ემიგრაციაში გაემგზავრა, სადაც ის ქართველ იუნკერებსა და ოფიცრებთან აქტიურად თანამშრომლობდა.

დღესვე, მუზეუმის ფოიეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის ქართველ სამხედრო მოღვაწეთა ემიგრაციაში ყოფნის დროს გამოცემული რარიტეტული წიგნებისა და პერიოდიკის, მათი ხელნაწერების, ასევე ეროვნულ არქივში დაცული, ამავე პერიოდის, სამხედრო თემატიკის ფოტო და დოკუმენტური საარქივო მასალების ასლების გამოფენა გაიმართა.

ქართული ემიგრაციის მუზეუმში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, თსუ-ის სტუდენტები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს, თავდაცვის სამინისტროს თსუ-თან თანამშრომლობით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52