ახალი 2018 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად აღნიშნა. მინისტრთად ერთად სამხედროებს ახალი წელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.
ახალი წლის შესახვედრად სენაკში იმყოფებოდა ავღანეთიდან ნოემბერში დაბრუნებული 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც. ქვედანაყოფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, 23-ე ბატალიონის სახელით, საჩუქრად სამახსოვრო დაფები გადასცა.
ახალი წლის დადგომას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან და სამხედროებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ თეიმურაზ ბოკუჩავას შვილი -ალექსი ბოკუჩავაც შეხვდა.
საახალწლო ღონისძიება ჯარისკაცების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით გაგრძელდა. ალექსი ბოკუჩავამ კი, ლექსები წაიკითხა.
ახალი წლის აღნიშვნა II ქვეით ბრიგადაში ფეიერვერკების გასროლით დასრულდა.