მეცხრე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური საზოგადოების აშენებაა

ოთხშაბათი, 27 დეკემბერი, 2017 - 18:19

საქართველოს პარლამენტის სტაჟიორების ინიციატივითა და ორგანიზებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა.

მარიამ ჯაშმა პარლამენტის სტაჟიორებსა და პარლამენტის აპარატს ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხოლო სოციალურ საწარმოებსა და დღის ცენტრებს ნამუშევრების წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მეცხრე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური საზოგადოების აშენებაა“.

როგორც სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა განაცხადა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება.

„დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ, გავუსვათ ხაზი მეცხრე მოწვევის პარლამენტის იმ პრიორიტეტს, რომელსაც ჰქვია ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა. საგაზაფხულო სესიიდან, ვემზადებით ძალიან სერიოზული საკანონმდებლო პაკეტისთვის, კონკრეტულად, ჩვენი კომიტეტი ემზადება შესაბამისი ინიციატივების მისაღებად, რომლებიც ინკლუზიურ განათლებას შეუწყობს ხელს. ეს შეეხება როგორ სკოლამდელი ასაკის, ასევე, ზოგადი განათლების, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემებში ინკლუზიური განათლების პრინციპების ხელშეწყობას, რომ თითოეულ ბავშვს, თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს დამოუკიდებელი სწავლის, შემოქმედების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ასევე, იგეგმება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, კულტურის სფეროში ინკლუზიის დანერგვა და ამ მიმართულებითაც, ჩვენი კომიტეტი იმუშავებს ძალიან სერიოზულად“, - განაცხადა განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრები ერთხმად თანხმდებიან, რომ ინკლუზიური და თანაბარი შესაძლებლობებისთვის მაქსიმალური პირობების შესაქმნელად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

დამსწრეებს დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ყოველთვის მზადაა ჩართულობისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად.

„მთავარი არის ერთი, რომ მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ვიცნობდეთ ერთმანეთის პოტენციალს, შესაძლებლობებს, საჭიროებებს, გვესმოდეს თითოეული იმ პრობლემის, რომელიც დგას ჩვენს წინაშე, იმიტომ, რომ ჩვენ ერთ საზოგადოებას, ერთ ქვეყანას წარმოვადგენთ და იმდენად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რამდენადაც ვგავართ. ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები, თითოეულ ჩვენგანს ამ ერთობაში ეხმარება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეკრებილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა. ნიკოლოზ ნათენაძემ პარლამენტის სტაჟიორებს - ღონისძიების ორგანიზებისა და ჩართულობისთვის, ხოლო მონაწილეებს - ნამუშევრების წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„პარლამენტში წლევანდელი ღონისძიებები უფრო ხალისიანი და შინაარსიანია, რაც, ძალიან სასიხარულო მოვლენაა. ამ ტენდენციას თან ახლავს შესანიშნავი ინიციატივები, ამ შემთხვევაში - ჩვენი სტაჟიორების. ყველას სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჩართულობისა და აქტიურობისთვის. მინდა, დიდი პატივისცემით გამოვეხმაურო ყველა მონაწილეს, ვინც დაგვაფასა და გაგვაცნო თავისი ნამუშევარი. პარლამენტის აპარატის მხრიდან, სრული მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ნათენაძემ.

დეპუტატებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსა და პარლამენტის სტუმრებს სოციალური საწარმოებისა და დღის ცენტრების - „ნაბიჯ-ნაბიჯ“, „ბაბალეს“, „გენის“, „აისის“, „კოდალას“, „მოწყალების“, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ და „ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერებისა და შეძენის საშუალება ჰქონდათ. ღონისძიებას მუსიკალურად ჯგუფი „რელიქვია“ აფორმებდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53