ეს არის საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ - მამუკა ხაზარაძე ფოთის პორტის გენდირექტორს პასუხობს

შაბათი, 02 დეკემბერი, 2017 - 11:00

ეს არის შემაშფოთებელი, რამეთუ, ეს განცხადება კეთდება მაშინ, როდესაც საქართველო ატარებს აბრეშუმის გზის ფორუმს, მოწვეული ჰყავს 60 ქვეყნის წარმომადგენელი და აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ამ მარშრუტზე. ამ მარშრუტზე ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის გარეშე წარმოდგენა არის შეუძლებელი, - ასე გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ფოთის პორტის გენერალური დირექტორის კლაუს ლოურსენის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მსგავსი განცხადებები წინ ეღობება საქართველოს ახალ შესაძლებლობებს, მისი ეკონომიკის განვითარებას.

„ეს არის საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დაამატა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ანაკლიის დისკრედიტაციას, თუმცა, ერთი მხრივ, კარგია, რომ ფოთის პორტის ოპერატორმა ამჯერად ღიად დააფიქსირა „ის ფარული ლობირება, რომელსაც არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც ეწევა ანაკლიის და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის წინააღმდეგ“.

რაც შეეხება კლაუს ლოურენსის მიერ გადაცემაში ნათქვამ ფრაზას, რომ  დიდ გემებს შავ ზღვაში აბრეშუმის გზის მარშრუტის გადაზიდვებისთვის არ გამოიყენებენ, საპასუხოდ,  მამუკა ხაზარაძეს სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც შავ ზღვაზე მცურავი გემების 48%, ე.წ. დიდი გემები არიან, რომელთა მოცულობა 3 000-დან 10 000 TEU-მდეა, ასევე,  მას შემდეგ, რაც APM Terminals-ი ფოთის პორტის ოპერატორი გახდა, ფოთის ტვირთბრუნვა საგრძნობლად შემცირდა: 2014 წელს ფოთის პორტის ტვირთბრუნვა იყო 8.6 მლნ, 2016 წელს კი იგი 6.3 მილიონ ტონამდე შემცირდა.

კიდევ ერთი სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ხაზარაძემ გადაცემაში მოიშველია, ბოლო 5 წლის განმავლობაში ფოთის პორტის ოპერირების კოეფიციენტი და მისი კრიტიკულ ზღვარამდე შემცირებაა. 2012 წელს, წლის განმავლობაში, ფოთის პორტის დახურვის კოეფიციენტი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 14%  იყო, 2017 წელს კი დახურვის კოეფიციენტი 40 %-მდე გაიზარდა.

„რომელი ქვეყნის და რომელი ტრანზიტული ფუნქციის, აბრეშუმის გზის განვითარებაზე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეა ლაპარაკი, როცა ერთ-ერთი მთავარი პორტი, ფოთის პორტი...მთელი წლის განმავლობაში დაკეტილია სხვადასხვა მიზეზების გამო?“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, ფოთის პორტის ოპერატორი საკუთარი ბიზნესინტერესების გამო, ხელს უშლის სხვა ბიზნესს, რომლის ინტერესები ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებთან იკვეთება. ხაზარაძისვე თქმით, „მათ [APM Terminals-ს] ეს პირველად არ გაუკეთებიათ, მე შემიძლია დოკუმენტურად მოგაწოდოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, როდესაც ისინი ოპერირებდნენ ძველ პორტში... ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კონსულტატებისგან გვაქვს მიღებული“, „როცა სახელმწიფომ გადაწყვიტა ახალი პორტის მშენებლობა, იმ მომენტში იწყებენ საკმაოდ სერიოზულ პიარ-კამაპნიას, საბოტაჟს. ამბობენ, რომ ახალი პორტი ამ ქვეყანას არ სჭირდება“, ამის შედეგად კი რამდენიმე ქვვეყანამ ახალი პორტების მშენებლობა გადადო და შედეგად დღეს არც ერთი ეს ქვეყანა „არ არის იმ მძლავრ სატრანსპორტო ნაკადში ჩართული, რომლის იმედიც მათ ჰქონდათ, რომ ჩაერთვებოდნენ, სწორედ ამ კომპანიის გამო“.

„საქართველოს, როგორც აქსიომა, სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა,

„ნაკადები იზრდება და, შესაბამისად, პატარა გემები ვერ ქმნიან იმ ეკონომიკას, რომ ჩვენ აბრეშუმის გზას მოვემსახუროთ და თუნდაც მოვემსახუროთ იმ კონტრაქტებს, რომლებიც უკვე გაფორმებლი გვაქვს... ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი და ა შ. მსხვილი და დიდი გემების გარეშე ამ ეკონომიკას ჩვენ ვერ შევქმნით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი არ არის მნიშვნელოვანი როგორც მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი. მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, „ქართველებისთვის ის არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რომ დავუახლოვდეთ და გავაუმჯობესოთ იმ ხალხის მდგომარეობა, რომელიც იმ რეგიონში ცხოვრობს - მეგრელის, აფხაზის და ყველა იმ ადამიანის, რომ ერთად დავიწყოთ რაღაცის კეთება. საკმაოდ დიდ ინვესტიციაზეა საუბარი და ეს ინვესტიცია აბსოლუტურად ყველას სასარგებლოდ იქნება მიმართული“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. მისი გახსნა და პირველი გემების მიღება 2021 წელს იგეგმება

„ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში APM Terminals-ის წარმომადგენელმა და  ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა განაცხადა, რომ დიდ გემებს შავ ზღვაში აბრეშუმის გზის მარშრუტის გადაზიდვებისთვის არ გამოიყენებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55