ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გაიხსნა

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2017 - 13:27

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე (კოტე) აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნეს.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახში გამოფენილი ექსპონატები მომავალ თაობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და იმ პერიოდის სამხედრო პირების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.

ლევან იზორიამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი გეგმების შესახებ ისაუბრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ამგვარი ინიციატივები მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ექსპოზიცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გენერალური შტაბის წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა და მეცნიერებმა დაათვალიერეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სტუმრებმა ინიციატივა დადებითად შეაფასეს; მათ, ასევე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ორგანიზატორებმა ექსპოზიციის სამხედრო ნაწილებში გამოფენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღისათვის ერთობლივი გამოცემის მომზადების შესაძლებლობებიც განიხილეს.

კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახში გამოფენილია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიული მასალები და წიგნები, ასევე ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც 1918-1921 წლებში მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ასახავს.

კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა. ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიისა და ღვინის დარბაზები დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59