საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა პრესკონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2017 - 18:09

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა, კერსტი კალიულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

"ნება მომეცით აღვნიშნო და ხაზი გავუსვა იმ თანამშრომლობას და იმ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო იღებს ესტონეთისგან უკვე დიდი ხნის განმავლობაში. ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან სერიოზული მხარდამჭერია. ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ზუსტად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის, ოკუპაციის არაღიარების და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებს შეეხება. მაგრამ, ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით ახლა კიდევ უფრო განსაკუთრებით აღვნიშნო ის როლი, რომელსაც ესტონეთი თამაშობს გლობალურ პოლიტიკურ არენაზე. თქვენი აქტიური როლი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებში, როგორიცაა არამარტო ევროკავშირი და ნატო არამედ გაეროც, მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გლობალურ ფორმატებში ესტონეთის ნათელი და მკაფიო პოზიცია გლობალური უსაფრთხოების, ქვეყნების სუვერენიტეტის, ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამართალზე დამყარებული ურთიერთობის საკითხებზე, ღირებულებებით პოლიტიკაზე არის სწორედ ის, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გლობალურად შენარჩუნდეს სტაბილურობა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მივესალმებით იმ ძალიან ნათელ განცხადებებს, რომელიც თქვენს მიერ კეთდება ამ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენი ორმხირივი თანამშრომლობის ფორმატებიც და ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და ნატო-ს სამიტებთან დაკავშირებით. მადლობელი და მოხარული ვარ, რომ ესტონეთი, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკითხებს.

ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა გაღრმავდეს თავდაცვის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მხარდაჭერა, განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მხარდაჭერა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაშიც ესტონეთს განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ამ მხრივ მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ესტონური დელეგაცია ჩამოსულია ბიზნესმენთა შემადგენლობით და ხვალ გაიმართება ბიზნესფორუმი, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილების, იმ მზარდი ტენდენციის შესახებ, რომელიც არის ტურიზმში და ეკონომიკაში და ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ასევე პროგრესულად ვითარდება განათლების და კულტურული გაცვლის დარგში.

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ქართულ - ესტონური ურთიერთობები მომგებიანია და უკეთესი მომავლის უზრუნველმყოფელი, როგორც ქართველი, ასევე ესტონეთის მოსახლეობისათვის, მოქალაქეებისათვის. მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ის ნათელი ხედვა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, გააჩნიათ ჩვენ ესტონელ მეგობრებს, უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ, უფრო უკეთეს მომავალს არამხოლოდ ქართველებისა და ესტონელებისთვის, არამედ უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ჩვენი ერთობლივი არეალისთვის, სადაც ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური გარემო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოორდინირებული მუშაობით საქართველო მომავალშიც წარმატებულად გააგრძელებს დასახულ გზას.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს ქართველებისთვის და ესტონეთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. წელს ჩვენ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ, მაგრამ მომავალ წელს ისტორიული თარიღია, დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის ასი წლისთავს ვზეიმობთ. ქალბატონ პრეზიდენტს, როგორც იმ ქვეყნის ლიდერს, რომელმაც შეძლო ასი წლის წინ რესპუბლიკის ჩამოყალიბება, ვთხოვე, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო აღნიშვნაში, იმ აქცენტის გათვალისწინებით, რომ კი ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნები ასი წლის წინ, მერე იყო ისტორიული უსამართლობა, იმიტომ რომ ვიყავით დაპყრობილები და ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ახლა, როდესაც ჩვენ ისევ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით.

დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის, იმ მნიშვნელოვანი შეთანხმებებისთვის, რომელიც წინ წასწევს ქართულ - ესტონურ ურთიერთობებს და დარწმუნებული ვარ, მომავალი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ უკვე დარგობრივად, ყველა მიმართულებით ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურული მიმართულებით, განათლების მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დაახლოებისაკენ გადავდგამთ ნაბიჯებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58