საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2017 - 19:00

ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების 25-ე წლისთავს მიეძღვნა.

"ბოლო 25 წლის განმავლობაში, ორმა ევროპულმა ქვეყანამ მყარი საფუძველი ჩაუყარა მჭიდრო და მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომლებიც ისტორიულ კავშირებსა და ისეთ საერთო ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობა, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა, ასევე საერთო ინტერესებს. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენი ისტორიული კავშირები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველოში პირველი ესტონელები დასახლდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ და ესტონეთმა შესაბამისი დიპლომატიური მისიები გახსნეს. დღეს ადამიანთა შორის კონტაქტები, ინსტიტუტებს შორის აქტიური კავშირები და მაღალი დონის ხშირი ვიზიტები სხვადასხვა სფეროებში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობათა სიმჭიდროვეზე მეტყველებს.

მიესალმნენ რა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობას, პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ მათ სურთ ხელი შეუწყონ ორმხრივ ურთიერთობათა შემდგომ განვითარებას ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებს. აღნიშნულ კონტექსტში, პრეზიდენტები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის პრეზიდენტს თან ახლავს წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაცია. მათ აღნიშნეს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტთან ერთად, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაძლიერებულ ურთიერთობათა ქვაკუთხედია, გზას უხსნის მომავალში მათი ურთიერთობების პროგრესულ განვითარებას, ასევე უზრუნველყოფს საქართველოსა და ესტონეთს შორის შემდგომი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობებს.

აღიარეს რა დღემდე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოში მიმდინარე რეფორმირების პროცესის გაგრძელების მნიშვნელობა.

დღეს ესტონეთი მაგალითს აძლევს საქართველოს, რომელიც მრავალ სფეროში ტრანსფორმაციის გზას ადგას. როგორც პრეზიდენტმა კალიულაიდმა აღნიშნა, საქართველოს მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განვითარების სფეროში ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც დაემყარება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის, მეწარმეობისა და განათლების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წახალისებას. ესტონეთი განაგრძობს წვლილის შეტანას ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესის დადასტურებაა.

პრეზიდენტები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოში ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორებთან ევროკავშირის აქტიურ თანამშრომლობას და სურვილი გამოთქვეს, რომ ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საერთო წარმატებად იქცევა. ესტონეთი მხარს უჭერს ნატოს ბუქარესტისა და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, და იწონებს საქართველოს მონაწილეობას მოკავშირეთა ოპერაციებში.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატოსა და საქართველოს შორის ინტენსიური თანამშრომლობა. მათ დაადასტურეს, რომ ჩართულობა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება და ნატოს წევრებთან თავსებადობის ამაღლება საქართველოს ეხმარება წინ გადადგას ნაბიჯები ალიანსში გასაწევრიანებლად მომზადების პროცესში, და აღნიშნეს, რომ ესტონეთი კიბერ-თავდაცვის ინიციატივის მოწინავე ქვეყანაა.

საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. ესტონეთი აღიარებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას. ორივე მხარე ადასტურებს, რომ ისინი პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ორივე მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრირების მძიმე შედეგებთან დაკავშირებით, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

ესტონეთი განაგრძობს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პოლიტიკის მხარდაჭერას და ხაზგასმით აღნიშნავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას.

საქართველო უმაღლეს შეფასებას აძლევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონეთის მიერ შეტანილ წვლილს. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით.

ვადასტურებთ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და დივერსიფიცირებას, ჩვენს შესაბამის ქვეყნებსა და ევროპის კონტინენტზე დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით", - ნათქვამია დეკლარაციაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58