კახა კალაძე საგზაო უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო

ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 12:33

 თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია სახელწოდებით - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებთან ერთად გამართა.

ორგანიზატორებმა კახი კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მისი სახით ქალაქს საგზაო უსაფრთხოების საკითხების აქტიური მხარდამჭერი ეყოლება.

საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კომენტარი მედიასთან გააკეთა. კალაძის თქმით, ამ სფეროში, რომელიც ბევრი მიმართულებისგან შედგება, მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელება, რისთვისაც კონსტრუქციული მიდგომები და მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო. მისივე განცხადებით, ცვლილებების ფარგლებში მოხდება საზოგადოებრივი ტრასპორტის განახლება, მოძრაობის ახალი წესების შემოღება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაშიც ჩართული იქნებიან სამთავრობო უწყებები, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მსგავი კომპლექსური მიდგომა ქალაქში დღეს არსებულ მდგომარეობას რეალურად შეცვლის. მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ასევე მიესალმება ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.

„როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და ხელშეწყობისთვის ჩვენი მხრიდან, რათა ამ მიმართულებით გავაძლიეროთ მუშაობა; ჩვენ ვართ ორიენტირი ადამიანზე და ადამიანის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61